13-05-2024
რაც შეეხება თბილისის სამოქალაქო ომს, მაიდანს და ა.შ. და ამის გახსენებას, რა თქმა უნდა, საქართველოში ეს სცენარი ვერ შედგება, ამის არავითარი რესურსი არ აქვს იმ პოლიტიკურ უმცირესობას, რომელიც არის, ყველაფერთან ერთად, აბსოლუტურად დისკრედიტირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს უკრაინიზაცია ვერ შედგება.
„ნული კოორდინაცია, სრული დისკრედიტაცია, ეს არის საერთო სურათი რადიკალურ ოპოზიციაში, ასეთ ვითარებაში რა თქმა უნდა, ვერავითარი მაიდანი და ამ ქვეყნის უკრაინიზაცია ვერ შედგება, ეს არ არის იანუკოვიჩის უკრაინა, მინდა შეგახსენოთ, ეს არის წელში გამართული სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია რეაგირება ძალადობის ნებისმიერ მცდელობაზე. შესაბამისად, საქართველოში უკრაინული სცენარი არ შედგება. აქვე მინდა შეგახსენოთ, როცა მაიდანს გვახსენებენ, თუ რა იყო მაიდნის გაგრძელება, ეს იყო, საბოლოო ჯამში, ერთი და მეორე ომი. პირველი ომის შედეგად უკრაინამ დაკარგა თავისი ტერიტორიების 8 %, ამას მოყვა მეორე ომი და ზემოდან კიდევ 12 %-ის დაკარგვა, ეს არის უმძიმესი შედეგები, რაც მიიღო უკრაინამ ამ პროცესებიდან, მაიდნიდან პირველ რიგში. ჩვენს ქვეყანაში ამას არ დავუშვებთ, მითუმეტეს მაშინ, როცა ეს ძალადობრივი პოლიტიკური გაერთიანება, პოლიტიკური უმცირესობა ცდილობს, რომ ასეთი სცენარი განახორციელოს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.