გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გამართლდა, ხოლო ზუგდიდში სამ დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული ნაკვეთები დაუბრუნდება

1-10-2018

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისთვის და შენახვისთვის დამნაშავედ ცნობილი პოლიტპატიმარი დავით ტატიშვილი გაამართლა.


ასევე დეპარტამენტის მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად 3 დაზარალებულს დაუბრუნდება ზუგდიდის რაიონში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები.


ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც უნდა გამოყოფოდა ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად ირიცხებოდა, რომლებიც საკუთრების დათმობის სანაცვლოდ შესაბამის კომპენსაციას მოითხოვდნენ.


პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად, საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადააგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა, რომელთა შორისაც აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობის მიწის ნაკვეთებიც, ისე რომ მათ რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღიათ, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება.


დეპარტამენტის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ზუგდიდის რაიონის სოფ. დარჩელში მდებარე 6000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი თამაზ ქობალიას, 5316 კვ.მ ზაურ შაყლანძეს, ხოლო ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაისში მდებარე 5456,36 კვ.მ მიწის ნაკვეთი ენვერ მოლაშხიას დაუბრუნდება.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე იმსჯელებს.

პროკურატურა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.


უწყების ინფორმაციით, დანაშაულებრივი სქემით ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ასევე დაუბრუნდებათ სხვა დაზარალებულ მოქალაქეებსაც, რაზეც საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება.


რაც შეეხება პროკურატურის შუამდგომლობით გამართლებულ პოლიტპატიმარ დავით ტატიშვილის, საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე ხელახალი სრულყოფილი გამოძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა დავით ტატიშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.


გამოძიებით დადგინდა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, დავით ტატიშვილი, როგორც ოპოზიციურად განწყობილი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე და შემდგომ რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში. ხსენებული აქციიდან 3 დღეში, საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოცილების და 7 ნოემბრის აქციაში მონაწილეობის გამო მისი დასჯის მიზნით, დავით ტატიშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს და ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ და ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები ჩაუდეს.


გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე 2008 წლის 10 ივლისს, დავით ტატიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


2012 წელს, ვიდრე პოლიტპატიმრის სტატუსს შეიძენდა, დავით ტატიშვილმა საპატიმრო დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალებით დატოვა.


ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა სრულიად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, რაც ადასტურებს პოლიტპატიმარ დავით ტატიშვილის უდანაშაულობას. აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახლადგამოვლენილი გარემოებები და მტკიცებულებები და მსჯავრდებული სრულად გაამართლა.


ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, ამ დროისთვის დაზარალებულად ცნობილ 162 პირს დაუბრუნდა დაახლოებით 45 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ავტომანქანები, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო და სასტუმრო კომპლექსები, მიწის ნაკვეთები და ა.შ., ხოლო ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით 59 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 48 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი, აქედან 13 პოლიტპატიმრის სტატუსს ატარებს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031