14-05-2024
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მესამე მოსმენით მიღებამდე განცხადებას ავრცელებს.
როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, 83 დეპუტატს, დიდი შეურაცხყოფის დათმენის ხარჯზე, ქვეყანა გაჰყავთ იმ გზაზე, რაზეც, სულ ცოტა, მომდევნო ერთი საუკუნე, თავისუფლებით და უპირობო განვითარებით ივლის გამთლიანებული საქართველო. „სულ მალე ის ახალგაზრდები, რომლებიც ოპოზიციის ცრუ პროპაგანდის შედეგად რუსთაველზე დგანან, საკუთარი თვალით ნახავენ, თუ რა გააკეთა ამ 83-მა დეპუტატმა მათი მომავლისთვის, მათი რეალურად ევროპული და თავისუფალი საქართველოსთვის.
მინდა ახალგაზრდებმა დაიმახსოვრონ, რომ ამ დეპუტატებმა გაიარეს საშინელი „ბულინგის“, საკუთარი ოჯახების შეურაცხყოფისა და უცხოური ზეწოლის ჯოჯოხეთური გზა და მაინც უშიშრად აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად. ეს არის ისტორიული დღე, რომელიც თვისობრივად ტოლია ყველა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლისა. 21-ე საუკუნეში, ახალი გეოპოლიტიკის ქარიშხალში, საქართველოს ახალი ისტორია იწერება. ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის გზა სუვერენული სახელმწიფოს სტატუსით. საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, რომელიც საუკუნეში ერთხელ ეძლევათ სახელმწიფოებს და ხელისუფლება ამ შანსს იყენებს, მიუხედავად ამხელა წინააღმდეგობისა.
მადლიერება ცოტაა, რაც შეიძლება ქართველმა ხალხმა უთხრას ხელისუფლებას და განსაკუთრებით, ამ 83 დეპუტატს. ამხელა შეურაცხყოფის დათმენის ხარჯზე, ქვეყანა გაჰყავთ იმ გზაზე, რაზეც, სულ ცოტა, მომდევნო ერთი საუკუნე, თავისუფლებითა და უპირობო განვითარებით ივლის გამთლიანებული საქართველო.“- წერს თამარ ჩიბურდანიძე.