გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი ოპოზიციას: არჩევნები კარს არის მომდგარი და იქ თქვით თქვენი სათქმელი, თუ რამე შეგიძლიათ, ბავშვებს ნუ ამოეფარებით - ეს არის დანაშაული, მაგრამ თქვენ ასეთი დანაშაულები არ გიკვირთ, იმდენი გაქვთ ჩადენილი

14-05-2024

„რადიკალურ ოპოზიციას უნდა ქვეყნის ომში ჩართვა, იმ მდიდარ „ენჯეოებთან“ ერთად, რომელთა ფულების გაუმჭვირვალობის გულისთვისაც დღეს ამ აქციებს აწყობენ. ამას ვერ ეღირსებიან ვერასდროს. ამას ქართველმა ხალხმა იცის მშვიდობის ფასი და საქართველოს ომში ჩართვას არ დაუშვებს,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მან ისაუბრა ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებზე ზოგადად და ასევე, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და აღნიშნა, რომ რადიკალურ ოპოზიციას სხდომის ჩაშლის გეგმა აქვს, მაგრამ ამის საშუალებას მათ მმართველი გუნდი არ მისცემს.


„დღესაც ამ დარბაზში კარგად გამოჩნდა, რომ ოპოზიციის მიზანი არის დესტრუქცია. არც პოლიტიკური დებატების თავი აქვთ, არც კანონის განხილვის და ახლა ცდილობენ ჩაშალონ სხდომა, მაგრამ სხდომას არ ჩაგაშლევინებთ. დღეს ოპოზიციის ქმედებები მართლა ყველა ზღვარს გასცდა. ეს დღეები ახალგაზრდების სახელით საუბრობენ და დღეს უკვე ცდილობენ სკოლის მოსწავლეების ქუჩაში გამოყვანას. ძალიან ბევრი მოწოდება მოვისმინეთ ამ საკითხზე. ამ წუთებშიც კი აქციის მონაწილეები ბათუმში მიადგნენ პირველ საჯარო სკოლას და აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ სკოლაში მყოფ მასწავლებლებს და ბავშვებს, შეუერთდნენ აქციას. დაანებეთ ბავშვებს თავი, ბავშვებს შეეშვით! თუ რამის თავი გაქვთ, ქუჩაშიც შეგიძლიათ პროტესტი გამოხატოთ, არჩევნებიც კარს არის მომდგარი და იქ თქვით თქვენი სათქმელი. ბავშვებს ნუ ამოეფარებით - ეს არის დანაშაული, მაგრამ თქვენ ასეთი დანაშაულები არ გიკვირთ, იმდენი გაქვთ ჩადენილი.


ბოლო ბოლო მაინც გამომჟღავნდა, ვინ არის ამ აქციების ორგანიზატორი, ვინც ახალგაზრდების სახელით საუბრობს. თქვენმა ლიდერმა, „ვივამედის“ ბინადარმა სააკაშვილმა მაინც ვერ დამალა და ღიად თქვა, რა არის თქვენი მიზანი. მერე რომ ინტერპრეტირებაში არ დამდოთ ბრალი, ამიტომ წავიკითხავ ციტატას:


„შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება. არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ამ ხელისუფლების პირობებში. არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა, გარდამავალმა, ტექნიკურმა მთავრობამ. შემოდგომაზე არჩევნებია ამერიკის შეერთებულ შტატებში და საქართველოსთვის აღარავის ეცლება. ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ივანიშვილს იმედი აქვს, რომ სანქციები არ ექნება. იმ შემთხვევაშიც კი თუ სახელმწიფო დეპარტამენტი მას დაასანქცირებს“.


აი, ასეთ ილუზიებს ეჭიდებით. ეს მასხარა ადამიანი იქამდე მივიდა, რომ მომავალი თანამდებობების განაწილებაც კი დაიწყო და ამბობს, პრეზიდენტის, სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურორის კანდიდატურებზე ახლავე შევთანხმდეთო. ეს ყველაფერი მართლა სასაცილო იქნებოდა, რომ არა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი: რეალურად, სააკაშვილი, რადიკალური ოპოზიციის ბელადი, აქცენტს აკეთებს და პარალელს ავლებს 2014 წლის უკრაინის მაიდანთან.

ძალიან კარგად გვახსოვს რაც ხდებოდა კიევში 2014 წელს - რამდენი ასეული ადამიანის მსხვერპლით დამთავრდა ეს პროცესები და რა ხდება დღესაც უკრაინაში. ეს ყველაფერი მაიდნის პირდაპირი გაგრძელებაა. ეს უნდა რადიკალურ ოპოზიციასაც - ქვეყნის ომში ჩართვა, იმ მდიდარ „ენჯეოებთან“ ერთად, რომელთა ფულების გაუმჭვირვალობის გულისთვისაც დღეს ამ აქციებს აწყობენ. ამას ვერ ეღირსებიან ვერასდროს. ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930