15-05-2024
ერთადერთ ნორმას ითვალისწინებს ეს კანონი - წელიწადში ერთხელ რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს საკუთარი ფინანსური ანგარიში იუსტიციის სამინისტროში. როგორ შეიძლება აქ რაიმე იყოს გასაკრიტიკებელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ფარასთან" დაკავშირებით, მეთიუ მილერის განცხადებას შეეხებოდა.
მისივე თქმით, როდესაც ასეთი არასწორი ინფორმაცია მოდის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მხრიდან, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ რაღაც არ არის წესრიგში.
„მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ „ფარა" ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც უცხო ქვეყნის მთავრობის ინტერესების წარმოდგენა ხდება აშშ-ში, რაც არ არის სწორი, ასე რბილად ვიტყოდი. გამომდინარე იქიდან, რომ როგორც თქვენ ახსენეთ, გიული ალასანია მაგალითად არის უცხოური ძალა „ფარა"-ს რეესტრის მიხედვით და მადლობა ღმერთს, გიული ალასანია არ არის საქართველოს, ან რომელიმე სხვა ქვეყნის მთავრობა, ასევე ტელეკომპანია „ფორმულაც" არ არის საქართველოს, ან რომელიმე სხვა ქვეყნის მთავრობა. ასეთი მარტივი არასწორი ინფორმაცია როცა მოდის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მხრიდან, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რა თქმა უნდა, იმაზე, რომ რაღაც არ არის წესრიგში. აქაც რეალურად რაზეა საუბარი. იმდენად არ აქვთ არგუმენტები ჩვენს ოპონენტებს, მათ შორის უცხოელ ოპონენტებს კანონთან დაკავშირებით, რომ მათ უწევთ ხანდახან ცრუ არგუმენტების მოშველიება. ეს ამაზე მიანიშნებს მხოლოდ, რომ არ არსებობს არგუმენტი და ხანდახან უწევთ ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება იმისათვის, რომ რამენაირად მაინც გააკრიტიკონ ეს კანონი. სინამდვილეში გასაკრიტიკებელი არაფერია ამ კანონში, არც ერთი ნორმა არ არის სინამდვილეში გასაკრიტიკებელი, ერთადერთ ნორმას ითვალისწინებს ეს კანონი - წელიწადში ერთხელ რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს საკუთარი ფინანსური ანგარიში იუსტიციის სამინისტროში. როგორ შეიძლება აქ რაიმე იყოს გასაკრიტიკებელი. ძალიან მარტივად არის სინამდვილეში საქმე და ამიტომ უწევთ ჩვენს პარტნიორებს ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება"- აღნიშნა პრემიერმა.