16-05-2024
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი გამჭვირვალობის კანონის გარშემო მიმდინარე პროცესებს და საპროტესტო აქციების ორგანიზებაში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობას ეხმიანება.
როგორც სუბარი აღნიშნავს, ქართული ენჯეოები საქართველოს მოსახლეობაში ძალიან დაბალი ნდობით სარგებლობენ, რაც მათ მიერვე ჩატარებული კვლევებიდან ჩანს. მიუხედავად ამისა, საქართველოს დასავლელი პარტნიორები ცდილობენ, ჩვენი ქვეყნის მართვა ამ ენჯეოებს ჩავაბაროთ.
„ზოგადად, ქართული ენჯეოები საოცარი ფენომენია. ერთი წუთი რომ წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე ამერიკულმა ორგანიზაციამ, მაგალითად Freedom House-მა, ან Human Rights Watch-მა თეთრი სახლის წინ მოაწყოს მიტინგი, დადგნენ ტრიბუნაზე ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელები და გამოაცხადონ – გადადგეს პრეზიდენტი ბაიდენი, გადადგეს კონგრესი და სენატი, ჩამოყალიბდეს ტექნიკური მთავრობა, რომელსაც ჩვენ ჩავუდგებით სათავეში.
მეორე დღეს ისინი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები გაქრებიან, მათ მიმართ ნდობის კრედიტი დავა ნულზე და არც ერთი დონორი მათ აღარ დააფინანსებს. საქართველოში თავად NGO-ები აღიარებენ, რომ ყველა კვლევაში ნდობის რეიტინგის აუტსაიდერები არიან, მაგრამ ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ მაინც მოგვიწოდებენ, რომ მათ გარეშე არაფერი გავაკეთოთ, კანონებიც თურმე მათ უნდა დაწერონ და ჩვენ მხოლოდ ხმა მივცეთ ამ კანონებს; საკადრო საკითხებიც მათ უნდა გადაწყვიტონ და პრაქტიკულად მათ უნდა მართონ ქვეყანა. ბოდიში, მაგრამ ეს არ იქნება ასე!“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.