16-05-2024
ნატო-ს წევრობის გაჭიანურებული პერსპექტივის გამო, უცხოეთიდან მომავალი გამოწვევების გამკლავება, საქართველოს, მეტწილად, მარტოს უხდება. ერთ-ერთი ამგვარი გამოწვევა გაუმჭვირვალე უცხოური ფულია, რომელიც თავისუფლად შემოედინება საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, მათ შორის, რადიკალურ ჯგუფებშიც, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მან აღნიშნა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალების კანონმდებლობა ამ გამოწვევის საპასუხოდაა მიღებული, რომელსაც აქვს პრეცედენტი დასავლეთში და დემოკრატიული მმართველობის ფარგლებშიც ჯდება.
მისი თქმით, ამ კანონის მონათვლა „რუსულად“ მას არადემოკრატიულად არ აქცევს, "მეტიც, არ ამართლებს საქართველოს მთავრობაზე თავდასხმას".
,,საქართველოს მთავრობამ, დიდი ხანია, დაამტკიცა ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებებისა და პოლიტიკის მიმართ. თუმცა, დღესდღეობით, ნატო-ს წევრობის გაჭიანურებული პერსპექტივის გამო, უცხოეთიდან მომავალი გამოწვევების გამკლავება, საქართველოს, მეტწილად, მარტოს უხდება. ერთ-ერთი ამგვარი გამოწვევა გაუმჭვირვალე უცხოური ფულია, რომელიც თავისუფლად შემოედინება საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, მათ შორის, რადიკალურ ჯგუფებშიც.
უცხოური გავლენის გამჭვირვალების კანონმდებლობა ამ გამოწვევის საპასუხოდაა მიღებული, რომელსაც აქვს პრეცედენტი დასავლეთში და დემოკრატიული მმართველობის ფარგლებშიც ჯდება. ამ კანონის მონათვლა „რუსულად“ მას არადემოკრატიულად არ აქცევს. მეტიც, არ ამართლებს საქართველოს მთავრობაზე თავდასხმას.
ზოგი, ვისაც კანონი შეეხება, მას აპროტესტებს. პროტესტი, ხშირად, რადიკალური და ძალადობრივია. უცხოელი ოფიციალური პირების მიერ ამ პროტესტში მონაწილეობა, საქართველოს სუვერენიტეტისა და დიპლომატიური პრაქტიკის უგულებელყოფით და „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების“ სახელით, უკეთეს შემთხვევაში, ფარისევლობაა, ხოლო უარეს შემთხვევაში - ქვეყნის აყირავების მცდელობა.
საქართველოს ესაჭიროება მეგობრები და მხარდაჭერა და არა ფარისევლობა და ძირის გამოთხრა. ორივე უკვე საკმარისად გამოვცადეთ, ჩრდილოეთიდან,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე პლატფორმა X-ზე.