17-05-2024
„ქვეყნისა და სარწმუნოების დასაცავად ხალხის ერთად დგომა პოლიტიკური და სულიერი სიბრმავით მავანთა ენაზე ითარგმნება, როგორც პრორუსული. ამათთვის პატრიოტი, ერთ მუშტად შეკრული ხალხი ვართ მონები და თავად არიან ვატო წერეთლის თავისუფალი „ანგელოზები,“ - ასე ეხმიანება პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ტვ პირველს“, რომელმაც, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობას „პრორუსების მსვლელობა რუსთაველზე“ უწოდა.
მეგრელიშვილის თქმით, დღეს, უამრავი ხალხი ოჯახებით გამოვიდა ქუჩაში, რათა კიდევ ერთხელ დაანახონ მსოფლიოს, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი.
„დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა. დღეს, უამრავი ხალხი ოჯახებით გამოვიდა ქუჩაში (მეც მათ შორის), რათა კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს, სად და რა ღირებულებების მხარეს ვდგავართ და დგას საქართველო და ქართველი ხალხი! ჩვენი არჩევანი ღირსეულია! ჩვენ ტრადიციებით, კულტურით, იდენტობით, სარწმუნოებით ღირსეულად უნდა შევაბიჯოთ ევროპულ ოჯახში რადგან ჩვენი სიძლიერე ამაშია და მტერმაც და მოყვარემაც ასეთი უნდა მიგვიღოს. ჩემი მოკრძალებული მადლობა ყველა იმ ადამიანს ვისთან ერთადაც ახლა სამებისაკენ სარწმუნოებისა და ეროვნული ღირსების დასაცავად მივაბიჯებ ქალაქის ქუჩებში. ქვეყნისა და სარწმუნოების დასაცავად ხალხის ერთად დგომა პოლიტიკური და სულიერი სიბრმავით მავანთა ენაზე ითარგმნება როგორც პრორუსული. ამათთვის პატრიოტი, ერთ მუშტად შეკრული ხალხი ვართ მონები და თავად არიან ვატო წერეთლის თავისუფალი „ანგელოზები,“ - წერს მეგრელიშვილი.