20-05-2024
„კონსტიტუციისა და რეგლამენტის მიხედვით, მომავალ სასესიო კვირაში ვეტოს იმ ერთი შენიშვნის განხილვა წარიმართება, რაც გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედების ვადას ეხება. მომავალ სასესიო კვირაში ვეტოს დავძლევთ ჯერ კომიტეტზე და შემდეგ უკვე - სესიაზე“ - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან რაიმეს ვეღარ გაითვალისწინებს, რადგან ეს გზა სალომე ზურაბიშვილმა ვეტოთი მოჭრა.
„რაც შეეხება ვენეციის კომისიას, მათი რეკომენდაციის განხილვის საშუალება პარლამენტში უკვე აღარ არსებობს, სალომე ზურაბიშვილის ამ ვეტოს გამო. მისი ვეტოს დაძლევის შემდეგ, კანონი ძალაში შევა. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე უკვე ძალაში შესულ კანონთან დაკავშირებით შეიძლება კომენტარები გავაკეთოთ, მაგრამ ამას იურიდიული ძალა არ ექნება და მსვლელობას ვერ მივცემთ, რადგან ვენეციის კომისიის დასკვნა კეთდება არა მოქმედ კანონზე, არამედ - დაინიცირებულზე. შესაბამისად, ეს გზა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან რამეს დავთანხმებოდით, სალომე ზურაბიშვილმა მოჭრა“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.