გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებულ ტაქსის მძღოლებს, რომელთაც გავლილი აქვთ ტექნიკური ინსპექტირება, ავტომანქანის შეღებვის ვაუჩერი უსასყიდლოდ გადაეცემათ

2-10-2018

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებულ მარცხენასაჭიან და ოთხკარიან იმ ტაქსის მძღოლებს, რომელთაც გავლილი აქვთ ტექნიკური ინსპექტირება, ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერი უსასყიდლოდ გადაეცემათ.

ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შეღავათი ტაქსის მფლობელების მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს და რეფორმის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას შეუწყობს ხელს.

„თბილისის მერიამ შეიმუშავა რეფორმის ისეთი სტრუქტურა და კონცეფცია, რომლის ფარგლებში, მფლობელს, რომლის ტაქსი რეგისტრირებულია 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, ასევე, გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, რომელიც კერძო ავტომობილებისთვის პირველი იანვრიდან სავალდებულო ხდება, არის მარცხენასაჭიანი და ოთხკარიანი, ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერი უსასყიდლოდ გადაეცემა. კარგად მესმის, რომ ეს ადამიანები აღნიშნული სერვისის განხორციელებით, ოჯახებს არჩენენ. შესაბამისად, მათ აღნიშნული ხარჯის გაწევა აღარ მოუწევთ და არ დაეხარჯებათ არცერთი თეთრი”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტაქსების მოწესრიგებასთან დაკავშირებული რეფორმის განხორციელების პროცესში დედაქალაქის მერიას საზოგადოების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა აქვს.

„პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს უკვე გაცემული აქვს 12 000-მდე ნებართვა. პროცესი მსურველებზე ახლაც მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ შევახსენებ ტაქსის სერვისის განხორციელების მსურველებს, რომ ვინც არ არის დარეგისტრირებული, ისინი 200 ლარით დაჯარიმდებიან. აქვე მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრულო პოლიციას თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ რეფორმის მეორე ეტაპზეც ისაუბრა, რომელიც მომავალი წლის პირველი ოქტომბრიდან შევა ძალაში და ტაქსის ვიზუალური სტანდარტის ამოქმედებას ითვალისწინებს.

„ვიზუალური სტანდარტი მოიცავს ფერს. იცით, რომ საკრებულოში ჩვენს მიერ ინიცირებულია თეთრი ფერი. კარგად გვესმის იმ ადამიანების, რომელთა ოჯახებისთვის ტაქსის მომსახურებით მიღებული შემოსავალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ რეგისტრირებული ტაქსის მძღოლები გარკვეულ შეღავათებს მიიღებენ. კერძოდ, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან; ექნებათ სპეციალური ადგილები, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, რეკლამა განათავსონ; ქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე გამოყოფილი იქნება სპეციალური საპარკინგე ადგილები, რომელიც ტაქსის მძღოლებისთვის უფასო იქნება; მათ უსასყიდლოდ გადაეცემათ ტაქსის მანათობლები. ასე რომ, ჰოლანდიის და თბილისის „შტაბკვარწირებმა“ ერთმანეთში ატარონ გამოკითხვები, თუ როგორია დედაქალაქის მერიის რეფორმა ტაქსებთან დაკავშირებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930