21-05-2024
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ინფორმაციას, რომ ჰააგის სასამართლოში პროკურორები ომის დანაშაულების ბრალდებით პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტზე და ჰამასის სამ ლიდერზე, მათ შორის იაჰია ალ-სინვარზე დაკავების ორდერებს ითხოვს, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ეხმიანება და აცხადებს, რომ ის, რასაც ისრაელის არმია ღაზის სექტორში „ჰამასის“ მებრძოლების წინააღმდეგ აკეთებს, არ არის გენოციდი, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„არა რუსულ უსამართლობას! აქ „უსამართლობა“ „სამართლის“ ანტონიმად მაქვს გამოყენებული, ხოლო ჩემი მოწოდების ობიექტებია აშშ და ისრაელი. რატომ რუსულს? იმიტომ, რომ ეს ქვეყნები რუსეთის ფედერაციის მსგავსად არ უერთდებიან ე.წ. „რომის სტატუტს" და არ აღიარებენ ჰააგის „საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა" და მის გადაწყვეტილებებს. ნუ, როგორ არ აღიარებენ, ალაგ-ალაგ - კი. მაგალითად, ამერიკა ამავე სასამართლოს მიერ პუტინის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას აღიარებს, ნეთანიაჰუს მიმართ - არა.
ნუ, როგორ გადაწყვეტილებას, აქამდე ჯერ არ მისულან: სასამართლოს კოლეგიამ უახლოესი კვირების განმავლობაში (რუმინეთის, მექსიკისა და ბელიზის მოსამართლეების შემადგენლობით) ჯერ კიდევ უნდა განიხილოს აღნიშნული სასამართლოს პროკურორის, ქარიმ ხანის შუამდგომლობა ისრაელის პრემიერ-მინისტრზე, მის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტზე და „ჰამასის" ლიდერებზე - იაჰი სინვარაზე, მუჰამედ დეიფსა და ისმაილ ხანიზე დაკავება/დაპატიმრების საერთაშორისო ორდერების გაცემის თაობაზე. იგულისხმება ალბათ, რომ კოლექტიური დასავლეთი გაგებით, თანხმობითა და ერთსულოვნებით შეხვდება თავისივე სიამაყე-პირმშო-სასამართლოს გადაწყვეტილებას. ნუ, როგორი ერთსულოვნებით.
ენტონი ბლინკენმა უკვე განაცხადა, რომ აშშ სასტიკად შეეწინააღმდეგება საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნეთანიაჰუსა და გალანტის მიმართ. უფრო შორს წავიდა კონგრესის სპიკერი მაიკ ჯონსონი, რომელიც კონკრეტული მოსამართლეებისა და მთლიანად ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენებას არ გამორიცხავს.
ალილუია! ამავდროულად, ევროკომისარმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ „რომის სტატუტთან" მიერთებული EU-ს ყველა წევრი ქვეყანა მხარს დაუჭერს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოუწოდებს მსოფლიოს 123-ვე ქვეყანას („რომის სტატუტის" წევრებს) სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისკენ. გასათვალისწინებელია, რომ საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს არ გააჩნია ხანდაზმულობის ვადები და გასაჩივრებას არ ექვემდებარებიან. ასე რომ, არა რუსულ უსამართლობას!“ - წერს დავით ქართველიშვილი.
ცნობისთვის, ჰააგის სასამართლოს პროკურორის კარიმ კანის თქმით, სასამართლომ ომის დანაშაულების ბრალდებით პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტ იოავ გალანტზე და ჰამასის სამ ლიდერზე, მათ შორის იაჰია ალ-სინვარზე დაკავების ორდერები შიმშილის ომის მეთოდად გამოყენებისთვის, ჰუმანიტარული დახმარების ხელის შეშლისთვის და სამოქალაქო პირების მიზანში ამოღებისთვის უნდა გამოსცეს.