21-05-2024
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი, ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენცია, მასშტაბური საინფორმაციო კამპანია და ამომრჩევლების განათლება, ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევები იყო დღეს ცესკოში ეუთოს დემოკრატიული ინტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წამომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა.
26 ოქტომბრის არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების უპირატესობებზე, ამომრჩეველთა განათლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობების შესახებ მისიის წარმომადგენლებს ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მიაწოდა. მან ასევე ისაუბრა საუბნო საარჩევნო კომისიის პოტენციურ წევრთა სერტიფიცირების მიზნით გაწეული სამუშაოების შესახებ.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ ეუთოს დემოკრატიული ინტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებთან. ჩვენ განვიხილეთ მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც უკავშირდება არჩევნების ადმინისტრირების მიმართულებით გაწეულ და დაგეგმილ საქმიანობებს. ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება, რა თქმა უნდა, აღნიშნული არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ საარჩევნო მთლიანობისა და გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტები. თანამშრომლობა ODIHR-თან ამ მხრივ გადამწყვეტია და მზად ვართ მისიის წარმომადგენლებს მივაწოდოთ გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
გიორგი კალანდარიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ცესკოს მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლოს ODIHR-ის მისიასთან და ხაზი გაუსვა მუდმივი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას. როგორც მან აღნიშნა „საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ფასდაუდებელია ODIHR-ის მიერ გაწეული მხარდაჭერა და ზედამხედველობა. ჩვენ ორიენტირებულები ვართ გამჭვირვალობაზე და ღია ვართ კონსტრუქციული გამოხმაურებისთვის, რომელიც დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ ჩვენი პრაქტიკა“.
დღევანდელ შეხვედრას ეუთოს დემოკრატიული ინტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო დეპარტამენტის ხელმძღვანელი - მეგან ფიცჯერალდი, უფროსი მრჩეველი ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების საკითხებში - ვლადიმირ მისევი, მრჩეველი/ოფიცერი საარჩევნო საკითხებში - ქსენია დაშუტინა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადმინისტრაციული და პროგრამის მთავარი ოფიცერი - ტიმ ნობლაუ ესწრებოდნენ.
შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს წევრი დიმიტრი ჯავახაძე და საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.