გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
ჰიქმეთ გაჯიზადე: საქართველოს ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი გაწირა

15-01-2018

როგორც ცნობილი გახდა, 12 იანვარს ბაქოს სასამართლომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან დაკავშირებით აშშ-ის რადიო „თავისუფლების“ რუსული სამსახურის - რადიო „სვობოდას“ პროექტ „ეხო კავკაზას“ პროგრამა „კვირის სტუმარის“ წამყვანი ვადიმ დუბნოვი აზერბაიჯანელ პოლიტოლოგს ჰიქმეთ გაჯიზადეს ესაუბრება.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


-დღეს ილჰამ ალიევის ხელისუფლებისათვის მაინცდამაინც კარგი პერიოდი არ დგას. იგი ახლა საერთაშორისო რეპუტაციის განმტკიცებაზე უნდა ზრუნავდეს, რაც საკმაოდ რთულია აზერბაიჯანში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე. მაშ, რატომ მიდის პრეზიდენტი ასეთ რეპუტაციულ რისკზე და მასში საქართველოსაც ითრევს?


- ვფიქრობ, გლობალური მიზეზი ისაა, რომ დასავლეთი ამ საქმის თაობაზე პრაქტიკულად არაფერს აკეთებს და როგორც უილიამ შექსპირი ამბობდა, მხოლოდ „სიტყვები, სიტყვები“ გაისმის. დასავლეთი აზერბაიჯანზე არანაირ მნიშვნელოვან ზეწოლას არ ახდენს. ბაქოშიც გადაწყვიტეს - დასავლეთმა რამდენიც უნდა, იმდენი იძახოს, ჩვენთვის ეს არაფერიაო. თვით პრეზიდენტიც ასე ამბობს - თუ დასავლეთი განცხადებების კეთებას გააგრძელებს, ერთ მშვენიერ დღეს აზერბაიჯანი შეიძლება ევროპული ორგანიზაციებიდან გამოვიდეს და ამით არაფერიც არ მოხდებაო.


- რატომ მიჰყვება საქართველო აზერბაიჯანული პოლიტიკის კალაპოტს და რატომ არ ეშინია თბილისს საგარეო-რეპუტაციული და საშინაოპოლიტიკური რისკებისა?


- საქართველოს ეჩვენება (ან შეიძლება მართლაც ასეა), რომ მის ირგვლივ ყველა ქვეყანა არამეგობრულად არის განწყობილი და ერთადერთი მეგობრული სახელმწიფო აზერბაიჯანიაო. მართლაც, ბაქო და თბილისი აქტიურად თანამშრომლობენ მილიარდიან კომუნიკაციურ პროექტებში - მილსადენების, რკინიგზის მშენებლობებში, საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანული ინვესტიციების მოცულობა, ანუ ამ შემთხვევაში მოქმედებს „საკუთარი ჯიბის“ პრინციპი და რეპუტაციულიი რისკების შესახებ ლაპარაკი ზედმეტია. საქართველოს მთავრობისათვის მთავარი ქართველებზე ზრუნვა და მათი გადარჩენაა, როგორც მათ წარმოუდგენიათ.


- მაგრამ აზერბაიჯანისთვის ხომ საქართველო, ფაქტიურად, მსოფლიოში გასასვლელ ფანჯარას წარმოადგენს? აზერბაიჯანსაც ხომ დიდად მეგობრული ქვეყნები არ ესაზღვრება? ანუ ბაქოსათვისაც თბილისთან ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს...


- იცით, საქართველოს პრეზიდენტი (ან პრემიერ-მინისტრი) ხომ ანდრეი სახაროვი არ არის, რომ მას რაიმე მორალური განცდები ჰქონდეს? საერთოდ, ცოტაა ისეთი ლიდერი, რომელიც ერთი ადამიანისათვის მზად იქნება სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობა დაანგრიოს. სამწუხაროდ, სიმართლე ასეთია. საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ სიმშვიდეს [აფგან მუხთარლი] მსხვერპლად შესწირა და სირცხვილს არ იმჩნევს. თუმცაღა, როცა მე საქართველოში ვიყავი, ბევრი ჩემი ქართველი მეგობარი სინანულით ლაპარაკობდა ხელისუფლების სამარცხვინო მოქმედებაზე. ჩემი მეგობრები დემოკრატები არიან, ხელისუფლებაში კი ასეთ დემოკრატებს ვერ იტანენ.


- მაგრამ ბევრი ქართველი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ის რკინიგზა, რომელიც თქვენ ახსენეთ, საქართველოსთვის ეკონომიკური თვალსაზრისით მაინცდამაინც მომგებიანი არ იქნება, რადგან ის შავი ზღვის ნავსადგურების განვითარებას ხელს შეუშლის. თუმცა ფაქტია, რომ საქართველო აზერბაიჯანს ბევრ საკითხში ეთანხმება. აქვს თუ არა ამას უფრო ღრმა მნიშვნელობა, პოლიტიკური გეოგრაფიის გათვალისწინებით? მხედველობაში მაქვს რუსეთი, სომხეთი, ირანი და თურქეთი...


- უპირველეს მომენტს, ცხადია, ამ შემთხვევაში ეკონომიკური სარგებლიანობა წარმოადგენს. საქართველო, როგორც მას ჰგონია, დიდი ეკონომიკური კრიზისიდან უკვე გამოვიდა (სხვათა შორის, ეს მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევით მოხდა) და ახლა თბილისი ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას ინვესტიციების საკითხში. მეორე მომენტად გეოპოლიტიკურ ფაქტორს დავასახელებდი, რომელიც თქვენც თქვით, მაგრამ მას შედარებით ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რაღაც მოძრაობდეს, შენდებოდეს, იყოს სამუშაო ადგილები და „ორთქლმავალი ქშინავდეს“...




«RFE//RL - Радио Свобода // Эхо Кавказа» (აშშ)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930