21-05-2024
„ჩვენ გვიყურებენ, როგორც მეორად ქვეყანას და გვექცევიან შესაფერისად, არადა ჰქვიათ პარტნიორები,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ და დასძინა, რომ დასავლეთის გაგებით პარტნიორობა თანასწორუფლებიანობა და პატივისცემაა, სადაც თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება საკუთარი სუვერენიტეტის დაიცვას. თუმცა საქართველოს ინტერესების დაცვა რატომღაც საქართველოს პარტნიორებისათვის საფრთხეს წარმოადგენს.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ქუჩაში პროტესტი შესუსტდა, აქციების ორგანიზატორებისთვის მაშველი რგოლი იქნა მიწოდებული. „მომიტინგეებს კარგი ხმაურისთვის ვიზებს დაურიგებენ, ხელისუფლებას გამჭვირვალობისთვის კი სანქციებს დაუწესებენ,“ - აღნიშნა მან.
„კონგრესში საქართველოს მხარდასაჭერი რეზოლუცია არასწორ დროს არის წარდგენილი. ამას ჩვენი ოპონენტები და მათი პატრონებიც ხედავენ, თუმცა
ამჯერად მოდით ვისაუბროთ ჩვენს პარტნიორებზე - ხედავენ რომ ქუჩაში პროტესტი შესუსტდა და როგორც მაშველი რგოლი ისე იქნა მიწოდებული, რომ მომიტინგეებს კარგი ხმაურისთვის ვიზებს დაურიგებენ, ხელისუფლებას გამჭვირვალობისთვის კი სანქციებს დაუწესებენ.
მათი ქცევა ემსგავსება ვაჭრობას. უხერხულია, როცა ქვეყანას მუშტრის თვალით უყურებენ და ეს არის ქვეყანა, რომელიც იცავს საკუთარ სუვერენიტეტს და დასავლეთში აპრობირებულ ინსტრუმენტს - გამჭვირვალობას იყენებს საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად. ამ ყველაფერს კი ცუდ ქცევაში გვითვლიან და ახლა გამოგვიცხადეს, რომ თუ კარგად მოვიქცევით გვექნება ვიზები და თუ ცუდად მოვიქცევით, მაშინ გვექნება სანქციები.
მათი გაგებით ჩვენ ცუდად უკვე მოვიქეცით, იმიტომ, რომ არ ჩავერთეთ ომში, არ მიუერთდით სანქციებს და არ გავასხვისეთ სასამართლო დამოუკიდებლობა.
ახლა გვახსენებენ, რომ ისევ ცუდად არ მოვიქცეთ - ამისთვის კი უნდა დავთმოთ ფასეულობები, არ შევუშალოთ ხელი ლგბტ პროპაგანდას და თურმე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეკლესიასთან ერთად ჩვენ პერსპექტივა არ გვაქვს. ამის შესახებ დასავლელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ხმამაღლა განაცხადეს.
უნდა ითქვას სიმართლე, ნახევარი სიმართლე საქმეს არ წაადგება, განსაკუთრებით ამ ვითარებაში. ჩვენ გვიყურებენ, როგორც მეორად ქვეყანას და გვექცევიან შესაფერისად. არასრულფასოვნების განცდაა - არადა გვქვია პარტნიორები. პარტნიორობა დასავლეთის გაგებით ეს არის თანასწორუფლებიანობა, პატივისცემა, სადაც თითოეულ სახელმწიფოს მინიმუმ აქვს უფლება საკუთარი სუვერენიტეტი დაიცვას. ჩვენი ინტერესების დაცვა კი, რატომღაც ჩვენი პარტნიორებისათვის საფრთხეს წარმოადგენს,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძე.