23-05-2024
გაუმჭვირვალობა იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელმაც კონკრეტულ სუბიექტებს შეაძლებინა, ორჯერ ეცადათ რევოლუციის მოწყობა ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას ყველა სცენარი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლარიზაციის დასასრულებალად საჭიროა პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობა და NGO-ების გამჭვირვალობაც სწორედ ამას ნიშნავს.
„ჩვენ ყველა სცენარი გვქონდა გათვლილი. არსებული სცენარიც იყო აბსოლუტურად გათვლადი და ერთ-ერთი ვერსია, რაც განვიხილეთ, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო პროცესის გაგრძელება, იყო სწორედ ეს, მათ შორის აქციები, რაც გაიმართა, არა ჯანსაღი რეაქციები, მათ შორის, უცხოელების მხრიდან, ბრძოლა გამჭვირვალობის წინააღმდეგ, ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. საბოლოო ჯამში, აქ ხდება ლუსტრაცია. როდესაც იბრძვი გამჭვირვალობის წინააღმდეგ, გამოდის, რომ კიდევ გაქვს განზრახული ის, რასაც აკეთებდი წინა წლების განმავლობაში.
გაუმჭვირვალობა იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელმაც კონკრეტულ სუბიექტებს შეაძლებინა, ორჯერ ეცადათ რევოლუციის მოწყობა ამ ქვეყანაში. როცა ამის შემდეგაც იბრძვი გამჭვირვალობის წინააღმდეგ, რჩება ლოგიკური აღქმა, შეგვიძლია გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნა, რომ ვიღაცეებს უნდათ კიდევ ერთხელ სცადონ რევოლუციების მოწყობა ამ ქვეყანაში. რაც უბრალოდ არასწორია, ეს არ არის სწორი მიდგომა ჩვენი საზოგადოების და ქართული სახელწმიფოს მიმართ. არ შეიძლება ყოველწლიურად ქვეყანა, მუდმივად, ცხოვრობდეს ამ გაუთავებელი ე.წ. პოლარიზაციის რეჟიმში.
მე კიდევ ერთხელ გავიხსენებ 2016 წლის არჩევნები გახსოვთ, 2017 იყო ერთადერთი შედარებით მშვიდი წელი, 2018 წლის არჩევნები გახსოვთ, 2019 წლის მოვლენები - ორჯერ სხვადასხვა დროს როდესაც უხეშად გაღვივდა პოლარიზაცია, შემდეგ 2020 წლის არჩევნები, 2021 წლის მოვლენები, 2022 წელი, როდესაც არ მოგვანიჭეს, უსამართლოდ, კანდიდატის სტატუსი და ამის საფუძველზე სცადეს რევოლუციის მოწყობა, შემდეგ ეს გაგრძელდა 2023 წელს. ანუ, ყოველ წელს ჩვენ გვაქვს მუდმივი, ხელოვნურად შექმნილი ტურბულენტობა, არ დაასვენეს ეს ქვეყანა. ამ ვითარებაში, ჩვენ ვერ ვხედავთ სხვა გზას იმისათვის, რომ ქვეყანა დავამშვიდოთ, არ შეიძლება ყოველწლიურად ვცხოვრობდეთ მუდმივი პოლარიზაციის რეჟიმში, რაც მთლიანად ხელოვნურად არის გარედან თავს მოხვეული. ეს რადიკალური ოპოზიციაც მთლიანად არის ხელოვნურად, გარედან თავს მოხვეული, რადიკალური NGO-ები, ტელევიზიები, ყველაფერი ის უმსგავსობა, რაც ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე ხელისუფლების სახით, იყო გარედან თავს მოხვეული და რაც ხდება უკვე ოპოზიციის რიგებიდან ამ სუბიექტების შესრულებით, იმავე NGO-ებით, იმავე პოლიტიკოსებით, იმავე მედიასაშუალებებით, ესეც არის გარედან თავს მოხვეული, ხელოვნურად. იმისათვის, რომ ეს დასრულდეს, ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობა. NGO-ების გამჭვირვალობაც ნიშნავს პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობას,"- აღნიშნა პრემიერმა.