გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა პირველ რიგში უყურებს, სად არის სიმართლე და მერე აქცევს ყურადღებას იმას, თუ ვინ რას ამბობს ამ სიმართლესთან დაკავშირებით

23-05-2024

3-4 წლის წინ ერთი ევროპარლამენტარი რომ რაღაც ცუდს იტყოდა, ამაზეც კი სერიოზული მღელვარება იყო საზოგადოებაში; დღეს ისე იღებენ ევროპარლამენტის უსამართლო რეზოლუციებს, საერთოდ არავითარი რეაქცია აღარ აქვს საზოგადოებას და ამ კუთხითაც გაჯანსაღებულია ვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება" განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა პირველ რიგში უყურებს, სად არის სიმართლე და მერე აქცევს ყურადღებას იმას, თუ ვინ რას ამბობს ამ სიმართლესთან დაკავშირებით.


„ჩვენ კვლევის შედეგებიც გავაცანით საზოგადოებას. როცა სოციოლოგიურ კვლევაში ეკითხებოდნენ ზოგადად გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, 80% აცხადებდა, რომ ემხრობოდა NGO-ების გამჭვირვალობის იდეას, რომ მათ უნდა გამოექვეყნებინათ ინფორმაცია საკუთარი ფინანსების შესახებ, თუმცა როგორც კი კითხვაში შემოდიოდა უცხოური ჩარევის ელემენტი, დაუჭერდნენ თუ არა ისინი მხარს იგივე კანონს, თუ უცხოელები იტყოდნენ, რომ არ ვარგა, მაჩვენებელი ამ შემთხვევაში 61%-მდე ჩამოდიოდა. დაახლოებით 20%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც მაინც მაღალი მაჩვენებელია. ერთსა და იმავე კანონზეა საუბარი - თუ უცხოელები არაფერს ამბობენ, 80%-ზე მეტს მოსწონს, მაგრამ თუ უცხოელებს არ მოსწონთ, ჩამოდის უკვე 61%-მდე. ეს დამოკიდებულება კიდევ არსებობს, მაგრამ აქაც თვისებრივად გაჯანსაღებულია ვითარება, ვინაიდან მხოლოდ 61%-მდე ჩამოვიდა ეს მაჩვენებელი. ჩვენ რომ გავიხსენოთ 3-4 წლის წინანდელი პერიოდი, ეს კლება იქნებოდა ბევრად უფრო დიდი. ერთი ევროპარლამენტარი რომ რაღაც ცუდს იტყოდა, ამაზეც კი სერიოზული მღელვარება იყო საზოგადოებაში. დღეს ისე იღებენ ევროპარლამენტის უსამართლო რეზოლუციებს, საერთოდ არავითარი რეაქცია აღარ აქვს საზოგადოებას. მოსამართლეებზე დააწესეს სანქციები და პრაქტიკულად ნულოვანი რეაქცია იყო. ამ კუთხითაც გაჯანსაღებულია ვითარება. საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა პირველ რიგში უყურებს, სად არის სიმართლე და მერე აქცევს ყურადღებას იმას, თუ ვინ რას ამბობს ამ სიმართლესთან დაკავშირებით. იგივე ეხება ვენეციის კომისიას", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930