2-10-2018
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს სახელმწიფოსა და ეკლესიის უმთავრესი ამოცანებისა და მიზნების შესრულებაში სასულიერო აკადემიას განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს საიუბილეო თარიღი მიულოცა. მისი თქმით, სასულიერო აკადემიის დაარსება ეკლესიისთვის და სრულიად საქართველოსთვის ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა იყო.
„სასულიერო სემინარია ჩვენი ეროვნული მოძრაობის გამოღვიძებასთან ერთად დაარსდა და, რა თქმა უნდა, ეს არ იყო შემთხვევითი მოვლენა და უბრალო დამთხვევა. ისტორიულად, ჩვენი ეკლესიის გაძლიერებას ყოველთვის ფეხდაფეხ მისდევდა ხოლმე ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარება, წინსვლა და ჩვენი ეკლესიისა და უწმინდესის და უნეტარესის ძალისხმევაც ყოველთვის იყო მიმართული, როგორც სამოციქულო ეკლესიის აღორძინებისკენ, ისე ჩვენი ეროვნული აღორძინებისკენ და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის უზრუნველყოფისკენ.
ეკლესიისთვის და სრულიად საქართველოსთვის სასულიერო აკადემიის დაარსება ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა იყო. ეს ჩვენი ეკლესიის აღმავლობის ნამდვილად განსაკუთრებული ნიშანი იყო. ჩვენი თაობა ბედნიერია, რომ ვცხოვრობთ ეკლესიის აღორძინების და სახელმწიფოებრიობის აღდგენა-განმტკიცების ეპოქაში. რა თქმა უნდა, ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენს დედა ეკლესიას, პატრიარქს და ასევე, სასულიერო აკადემიას.
დღეს ჩვენი სახელმწიფოს და ეკლესიის უმთავრესი ამოცანა თავისუფლების შენარჩუნება, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, ჩვენი საზოგადოების ინტელექტუალური და სულიერი გაძლიერებაა და ამ მიზნების განხორციელებაში სასულიერო აკადემიას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია.
მსურს, კიდევ ერთხელ, მოგილოცოთ დღევანდელი იუბილე. პირველ რიგში, თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ მამა გიორგის ვულოცავ დღევანდელ დღეს. დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად ვულოცავ აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს. მინდა, ჩვენი საზოგადოების სულიერი დაინტელექტუალური გაძლიერების საქმეში წინსვლა და წარმატებები გისურვოთ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.