გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: თუ უცხოური ძალის ინტერესს ატარებ და ეს ინტერესი აშკარად კეთილშობილურია, მაშინ რატომ ლაპარაკობ სტიგმატიზაციაზე, ეს კითხვა უნდა დავუსვათ არასამთავრობო ორგანიზაციებს

23-05-2024

შენ თუ უცხოური ძალის ინტერესს ატარებ და ეს ინტერესი აშკარად კეთილშობილურია, მაშინ რატომ ლაპარაკობ საერთოდ სტიგმატიზაციაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება" განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კითხვა უნდა იყოს დასმული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ.


„გრანტი გულისხმობს იმას, რომ ფინანსურ უკუგებას არ ელის დონორი, მაგრამ უკუგებას, რა თქმა უნდა, ელის გრანტის გამცემი. უსასყიდლობა ნიშნავს იმას, რომ არ ელის ფინანსურ უკუგებას, ეს სესხი არ არის, ფულს უკან აღარ აბრუნებს. დავუშვათ, რომ ასეა და მაგალითად კონკრეტული გრანტი მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას. დავუშვათ, რომ ეს არის დახმარება და კეთილშობილური მიზანი გრანტის უკან, მაშინ მით უმეტეს, რატომ ფიქრობ, რომ სტიგმატიზაციას შეიძლება იწვევდეს ეს ტერმინი. შენ თუ უცხოური ძალის ინტერესს ატარებ და ეს ინტერესი აშკარად კეთილშობილურია, მაშინ რატომ ლაპარაკობ საერთოდ სტიგმატიზაციაზე. ეს კითხვა ხომ უნდა დავუსვათ ჩვენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მაგალითად, მე ავიღე ფული იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობა განვავითარო ამ ქვეყანაში, ან სხვა კეთილშობილური საქმე გავაკეთო. ამ შემთხვევაში გვაქვს ფაქტის კონსტატაცია, რომ არის უცხოური ძალა, რომელსაც აქვს კეთილშობილური ინტერესი, ეს ინტერესი არის საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და მე, როგორც ორგანიზაცია ვიღებ ამისათვის გრანტს და ვატარებ ამ უცხოური ძალის კეთილშობილურ ინტერესს საქართველოში. ამ შემთხვევაში ეს სტიგმატიზაცია ხომ არ არის, პირიქით, ეს მარკეტინგია. ეს არის პიარი, როგორც დონორისთვის, ასევე ორგანიზაციისთვის. სწორედ იმის გამო, რომ ვიღაცებს სხვა რაღაცების შიში აქვთ, საუბრობენ სტიგმატიზაციაზე. საბოლოო ჯამში, არის შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ კეთილშობილურთან ერთად გამოვლინდება უამრავი არაკეთილშობილური ამოცანა, რომელიც დგას ამ გრანტების უკან. სრული გაუმჭვირვალობის პირობებში სხვადასხვა წყაროდან მივიღეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უცხოელი დონორები არაკეთილშობილურ ამოცანებს აფინანსებდნენ, მაგალითად EED აფინანსებდა პარტია „დროას", - აღნიშნა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არაკონსტიტუციური პრაქტიკაა და გარდა ამისა, ახალისებს რადიკალიზმს, პოლარიზაციას.


„მარტივი მაგალითის საფუძველზე შემიძლია დავამტკიცო ის, თუ რამდენად ექნება ეფექტი გამჭვირვალობას. „დროას" მაგალითი რომ ავიღოთ, შემთხვევით დავადგინეთ, თვითონ „დროას" ხელმძღვანელმა დაწერა საკუთარ „ფეისბუქ" გვერდზე, რომ მის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა EED. შემთხვევით გავიგეთ ეს ინფორმაცია, ხელმისაწვდომი არ არის არსად. რა თქმა უნდა, საგრანტო ხელშეკრულებაში არსად წერია, რომ ხოშტარიამ და მისმა პარტიამ მაინცდამაინც პოლარიზაცია უნდა წაახალისონ ამ ქვეყანაში, რადიკალიზმი გააღვივონ და ა.შ. მაგრამ საბოლოო ჯამში, დავადგინეთ, გაუმჭვირვალობის პირობებში, მაგრამ წამოცდენის საფუძველზე, რომ EED, ევროკავშირის ფონდი აფინანსებდა ერთ-ერთ რადიკალურ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში. შეფუთვა იყო, რა თქმა უნდა, არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ყალბი ფორმით იყო შექმნილი. როდესაც ეს გამჭვირვალე გავხადეთ და მივეცით რეზონანსი ჩვენი განცხადებებით, მაშინვე მოუწია EED-ს უარის თქმა ისეთ დაფინანსებაზე, რომელიც პირდაპირ ნიშნავდა პოლარიზაციის წახალისებას ამ ქვეყანაში და კონსტიტუციის წინააღმდეგ პოლიტიკური პარტიის დე-ფაქტო დაფინანსებას. ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი, რაც ადასტურებს, რომ არსად ეწერა, გინდა თუ არა EED აფინანსებდა პოლარიზაციას, მაგრამ საზოგადოებისთვის იმდენად თვალსაჩინო გახდა ეს ყველაფერი სწორედ ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ EED-ს მოუწია, შეეწყვიტა პარტია „დროასთვის" დაფინანსება. იგივე შედეგს მივიღებთ სხვა შემთხვევებშიც. მაგალითად, დარწმუნებული ვარ, გაირკვევა ასეთი გამჭვირვალობის საფუძველზე, რომ როდესაც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობდა, დაებლოკა 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა, ვგულისხმობ ქვეშეთი-კობის მონაკვეთს, ამის უკან იდგა კონკრეტული დონორი ორგანიზაცია და საზოგადოებისთვის ეს ხომ გახდება ცნობილი, ვინ ცდილობდა, ვისი დაფინანსებით დაებლოკა ეკონომიკური პროექტი. როდესაც ეს ინფორმაცია გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, დონორსაც გაუჭირდება ასეთი აქტივობების დაფინანსება და ორგანიზაციაც უფრო მეტად გაუფრთხილდება დონორის ინტერესებს. სინამდვილეში ეკოლოგიასთან შეხება არ ჰქონდა ამ პროექტს, კილომეტრ-ნახევრის სიღრმეში იჭრებოდა გვირაბი. აშკარა იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი არსებობდა. გაირკვეოდა, რომ ეკოლოგიასთანაც არ ჰქონდა ამ ყველაფერს შემხებლობა", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930