23-05-2024
„6 ოქტომბერი რეალურად იქნება რეფერენდუმი, სადაც ყველა დაინახავს, რომ „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“, - პარტიები, რომლებიც ვიცავთ ეროვნულ თვითმყოფადობას და გვაქვს ხალხის მხარდაჭერა - დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, - ამის შესახებ პარტია "ხალხის ძალის" თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამოჩნდება ქართული საზოგადოება რას უჭერს მხარს - თავისუფლებას თუ მონობას.
„ვეტოს, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად დავძლევთ, რადგან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი სჭირდება საქართველოს. გარკვეულწილად, 26 ოქტომბრის არჩევნები ნამდვილად იქნება რეფერენდუმი, რადგან მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ "ქართული ოცნება" და "ხალხის ძალა" - პარტიები, რომლებიც ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს და ვისაც გვაქვს ხალხის მხარდაჭერა - დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. ყველა ნათლად დაინახავს, რას უჭერს ხალხი მხარს - მონობას თუ სუვერენიტეტს, მეორე ფრონტის გახსნას თუ მშვიდობის შენარჩუნებას, დამოუკიდებლობას და თავისუფლებას თუ საბჭოთა კრემლის ახალი კრემლებით ჩანაცვლებას და მათ გადაწყვეტილებებზე სიარულს.
თუმცა, რეალურად, მსგავსი რეფერენდუმი უკვე ჩატარდა რამდენიმე დღის წინ 17 მაისს, როდესაც მთელი საქართველო აღნიშნავდა ოჯახის სიწმინდის დღეს და, როგორც ამბობენ, რამდენიმე ასეული ათასიდან მილიონამდე ადამიანიც კი იყო ქუჩაში გამოსული. ამ დღეს ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ წმინდა ილია ჭავჭავაძის მიერ გამოთქმული ტრიადა - მამული, ენა, სარწმუნოება - ის ღირებულებებია, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია, რასაც არასდროს დათმობს და არც მათ შებღალვას შეეგუება ოდესმე.
ამ ფონზე კი ოპოზიცია ამბობს, რომ ის ასეულობით ათასი ქართველი, ვინც 17 მაისს დამოუკიდებლობისა და ტრადიციული ღირებულებების დასაცავად გამოვიდა ქუჩაში, ბნელები არიან, რომ პატრიარქი, სასულიერო პირები, მრევლი, ჩვეულებრივი მოქალაქეები, ვისთვისაც ოჯახი სიწმინდეს წარმოადგენს, ვისთვისაც სუვერენიტეტი არ არის სალანძღავი სიტყვა, ბნელები და სამარცხვინოები ყოფილან. სინამდვილეში სამარცხვინოები არიან ის ადამიანები, რომლებიც ასე ფიქრობენ და საზოგადოება კიდევაც გასცემს პასუხს მათ არჩევნებზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.