23-05-2024
„დღეს საქართველო ნამდვილად დგას გზაგასაყარზე, მაგრამ არა რუსეთსა და დასავლეთს შორის, არამედ - დამოუკიდებლობასა და დამოკიდებულებას შორის“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს.
მისი თქმით, დღეს საქართველო და მმართველი გუნდი მყარად დგას ფეხზე და მის პრინციპულ გადაწყვეტილებას, დაიცვას ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები, ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს.
„თუ დღეს ძირითადი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც რეალურ სუვერენიტეტს უზრუნველყოფს, ქვეყნის შიგნით ვერ მოვახერხეთ და მსგავსი საკითხები სადღაც, უჩვენოდ გადაწყვიტეს, ეს სულ ასე დარჩება და შესაბამისად, ვიქნებით არასრულფასოვანი, ცალ ფეხზე მდგარი საზოგადოებაც და სახელმწიფოც.
გამჭვირვალობა ჩვენ სრულფასოვანი სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად გვჭირდება, გაუმჭვირვალობა კი, მათ - ჩვენი მორჩილებისთვის და რევოლუციის მოსაწყობად.
სამწუხაროა, რომ დღეს პოლიტიკური უმცირესობა, მთავარ პოლიტიკურ მოედანზე მორჩილ დამოკიდებულებას ითხოვს. სწორედ იმ მოედანზე, სადაც საზოგადოება წარსულში ყოველთვის საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნისთვის იკრიბებოდა. დღეს საქართველო მყარად დგას ფეხზე და ყველაზე მეტად იგრძნობა მისი რეალური სუვერენიტეტი. ასევე მყარად დგას მმართველი გუნდი და მის პრინციპულ გადაწყვეტილებას, დაიცვას ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები, ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.