23-05-2024
პარტნიორებს ჩვენ არ ვეძახით „გლობალურ ომის პარტიას", თუმცა ვაცხადებთ, რომ ამ პოლიტიკურ სივრცეზე „გლობალური ომის პარტიას" აქვს სერიოზული გავლენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება" განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება ვერავითარ შემთხვევაში უწოდებს პარტნიორებს, ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს „გლობალური ომის პარტიას".
„თუმცა, მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია, ამ გავლენებისგან გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ხომ თვისებრივად განსხვავებული პოზიცია გვექნებოდა. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ გამოხატული პოზიცია. ჩვენ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია, უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუმცა იქითა მხრიდან ვხედავთ, სამწუხაროდ, საპირისპირო პროცესებს სწორედ იმ გავლენების გამო, რომელიც არსებობს როგორც ერთ, ასევე მეორე სუბიექტზე. „გლობალურ ომის პარტიასთან" ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ძალიან მტკივნეული, რთული ბრძოლა, მათ შორის, პერსონალური კუთხითაც. ჩემთვის პირადად, მაგალითად საერთოდ არ არის სასიამოვნო ამ ბრძოლაში ყოფნა, სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული ეს ბრძოლა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, მათ შორის, პერსონალურ რისკებთან და კონკრეტული მაგალითები არ მინდა მოვიყვანო ამასთან დაკავშირებით. არ არის სასიამოვნო არც პერსონალურად, არც ზოგადად, მაგრამ ალტერნატივა არ აქვს ერთი მარტივი მიზეზი გამო, ალტერნატივა არის დანებება და დანებების ერთადერთი გაგრძელება, არის ამ ქვეყნის უკრაინიზაცია. ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ სახლში, მარტივად, ვგულისხმობ ჩვენს პოლიტიკურ ძალას, მაგრამ შედეგი იქნება რა - ერთადერთი ალტერნატივა, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ეს არის იგივე პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ქვეყანას მართავდა 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით - ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა" და გარანტირებული შედეგი ამ პოლიტიკური ძალის საქმიანობის, თან უახლოეს მომავალში, იქნება ამ ქვეყნის უკრაინიზაცია. ისინი გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ და ძალიან მოკლედ ვადებში მიაღწევენ ამ ქვეყნის უკრაინიზაციას. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს 2 თეორიული ალტერნატივა, ან ვაგრძელებთ ამ ძალიან რთულ და მტკივნეულ ბრძოლას „გლობალურ ომის პარტიასთან", ან მარტივად შეგვიძლია მივუშვათ პროცესი, დავაბრუნოთ ხელისუფლებაში ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც მართავდა საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს, რა თქმა უნდა, გარე ჩარევით 2012 წლამდე და გარდაუვალი შედეგი უმოკლეს ვადებში არის ამ ქვეყნის უკრაინიზაცია, ანუ საქართველოს მიერ უკრაინის ბედის გაზიარება. რადგან გვაქვს საუბარი ორ ალტერნატიულ ვერსიაზე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ამ ძალიან მტკივნეულ და რთულ ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს. ეს ბრძოლა არაკომფორტულია, მაგრამ უალტერნატივო", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.