გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშიამ იენის უნივერსიტეტის პროფესორს თსუ-ის საპატიო დოქტორის დიპლომი გადასცა

23-05-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა - დიგიტალიზაცია და ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო განათლებასა და მეცნიერებაში" გახსნა, რომელშიც მონაწილეობენ თსუ მედიცინის ფაკულტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები მსოფლიოს 12 ქვეყნიდან.


თსუ–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, თანამედროვე მიღწევებსა და საერთაშორისო ტენდენციებზე
ტრანსლაციურ ბიომედიცინაში დიგიტალიზაციასა და ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრებენ გამოჩენილი უცხოელი და ქართველი მედიკოსები თსუ-ში ორი დღის განმავლობაში. აუდიტორიას გააცნობენ უახლეს ინფორმაციას სამედიცინო ვიზუალიზაციასა და კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე, დიგიტალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის როლზე ქირურგიასა და ტრანსპლანტაციაში, ინოვაციებზე სამედიცინო განათლებასა და მეცნიერებაში დიგიტალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.


თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის, როგორც საქართველოში სამედიცინო განათლების კერის მისიაა სამედიცინო დარგის პროფესიონალებისა და მკვლევრების აღზრდა, ასევე, საერთაშორისო ჯანდაცვისა და სამედიცინო-სამეცნიერო აზრის განვითარებაში მონაწილეობის მიღება.


„ბიო-სამედიცინო მიმართულების სამეცნიერო კვლევების განვითარება საჭიროებს ინფორმაციის პერმანენტულ განახლებას, ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია ინტერნაციონალიზაციის ხარისხის, განსაკუთრებით კი სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის ხარისხის გაზრდა“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.


ღონისძიებაზე იენის უნივერსიტეტის პროფესორს, ინგო რუნებაუმს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი გადაეცა. პროფესორი ინგო რუნებაუმი 2022 წლიდან არის თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრი. მისი ინიციატივით განხორციელდა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და მეცნიერ-თანამშრომლების სტაჟირება იენის საუნივერსიტეტო კლინიკის გინეკოლოგიისა და პათოლოგიის დეპარტამენტებში. მისი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს იენის ქალთა საავადმყოფოში თანამედროვე და ინოვაციური სერვისების დანერგვა, უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრება და საუკეთესო ინდივიდუალური გადაწყვეტილებების პოვნა, რომლებიც აუმჯობესებენ პაციენტების ცხოვრებას.


"მოხარული ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობს 20-მდე მომხსენებელი მსოფლიოს 12 ქვეყნიდან, მათგან უმრავლესობა თსუ მედიცინის ფაკულტეტზე შექმნილი მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრები არიან, მათი საქმიანობა ხელს უწყობს საქართველოში სამედიცინო განათლების განვითარებას და ინტერნაციონალიზაციას“, - აღნიშნა თსუ ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა დიმიტრი კორძაიამ.


თსუ მედიცინის ფაკულტეტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრები მონაწილეობენ თსუ მედიცინის ფაკულტეტზე სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) რეკომენდაციების შესაბამისი თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების იმპლემენტაციაში, თსუ მედიცინის ფაკულტეტზე საერთაშორისო კვლევითი პროექტების განხორციელებაში სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით, თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების გაცვლით პროგრამებსა და ტრენინგებში ჩართვაში, ასევე, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობაში - საზღვარგარეთის საუნივერსიტეტო კლინიკებში; თსუ მედიცინის ფაკულტეტთან ერთობლივი სადოქტორო პროგრამების (მათ შორის კოტუტელის პრინციპით) განხორციელებაში; თსუ მედიცინის ფაკულტეტზე ლექციებისა და საგანმანათლებლო კურსების ჩატარებაში;


კონფერენციის გახსნას თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაია ბიწკინაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები, დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.


საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებითა და თოდუას კლინიკის მხარდაჭერით იმართება.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930