24-05-2024
„დღეს ბევრს საუბრობენ საქართველოს, არასასურველი, მოქალაქეების (ძირითადად პოლიტიკოსების) მიმართ ამერიკული სანქციების დაწესებაზე. გარე ინტერესებზე მომუშავე ოპოზიცია, დიდი სიხარულით და ხელების ფშვნეტით ელოდება ამ სანქციებს“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირში მასობრივი პოლიტიკური რეპრესიების დროს ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა „ხალხის მტრად“ გამოცხადებული ოჯახის წევრების მიმართ რეპრესიების განხორციელება. დღეს კი, კაკაბაძის თქმით, ფსევდოლიბერალური ფაშიზმი შეფუთულია ფასადური დემოკრატიით, ფსევდო ლიბერალიზმით და ფსევდო ჰუმანიზმით.
„ეს არის ფსევდოლიბერალური დემოკრატია დღეს ბევრს საუბრობენ საქართველოს, არასასურველი, მოქალაქეების (ძირითადად პოლიტიკოსების) მიმართ ამერიკული სანქციების დაწესებაზე.
გარე ინტერესებზე მომუშავე ოპოზიცია, დიდი სიხარულით და ხელების ფშვნეტით ელოდება ამ სანქციებს. მაღალი თანამდებობის პირებზე სანქციების დაწესება ფაქტობრივად ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას. კვაზი ოპოზიციის განსაკუთრებულ თრთოლვას და სიხარულს იწვევს ცნობები იმის თაობაზე, რომ სანქციები გავრცელდება პოლიტიკოსთა ოჯახის წევრებზეც, ვინაიდან ასეთია ფსევდოლიბერალური დემოკრატიის სტანდარტი.
ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირში მასობრივი პოლიტიკური რეპრესიების დროს ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა „ხალხის მტრად“ გამოცხადებული ოჯახის წევრების მიმართ რეპრესიების განხორციელება. დახვრეტილი ან გადასახლებული პირის მეუღლესაც, როგორც წესი, აგზავნიდნენ გადასახლებაში, დარჩენილ ოჯახის წევრებს კი ბინიდან ასახლებდნენ.
მაშინაც კი, იმ საშინელ წლებში, არასრულწლოვან შვილებს მშობლების დანაშაულისთვის პასუხს არ სთხოვდნენ. მართალია, „ხალხის მტრის“ სამარცხვინო იარლიყს აწებებდნენ, მაგრამ სკოლაში და უმაღლეს სასწავლებელში განათლების მიღებას არ უშლიდნენ.
ომის შემდგომი პერიოდის საბჭოთა კავშირში ასეთი მიდგომა დაიგმო, შეიცვალა და უკვე 60-80-იან წლების საბჭოთა საზოგადოებაში მყარად იყო გამჯდარი იმის გაგება, რომ შვილი მშობლის დანაშაულზე პასუხს არ აგებს.
მოკლედ, როდესაც ვამბობთ, რომ დღეს ფსევდოლიბერალური ფაშიზმი შეფუთულია ფასადური დემოკრატიით, ფსევდო ლიბერალიზმით და ფსევდო ჰუმანიზმით, ამის ერთ-ერთი მაგალითი სწორედ ფაშისტური და ბოლშევიკური სტანდარტების რეანიმაციაა.
სანქცირებული პირი თავის ოჯახიანად გამოცხადებულია „ხალხის მტრად“, შვილმაც უნდა აგოს პასუხი მშობლის „დანაშაულზე“, ხოლო ის ვინც ასე არ ფიქრობს, გმობს და მოითხოვს ასეთი მიდგომის გაუქმებას, მას ფსევდო ლიბერალები და მათი ჯიბის ტელევიზიები აცხადებენ ხალხის მტრად.
ზუსტად ასეთ სტიგმატიზაციას ითხოვენ დღეს, სულ-გაყიდული ოპოზიციონერებიც, რომლებიც ტირილით და ხვეწნა-მუდარით მიმართავენ დიდ დეიდებს და ბიძიებს „დეიდებო, ბიძიებო, თქვენი მუხლების ჭირიმე, ეს ცუდი ბიჭები ცუდ კანონებს იღებენ დასაჯეთ, დაასანქცირეთ, გვიშველეთ რამე!“. ის „დიიიდებიც“ ეთანხმებიან თავის საკუთარ ყმებს, სანქციებით ემუქრებიან ან ასანქცირებენ მათ გამბრაზებელ ცუდ გოგო- ბიჭებს, რომლებიც "დიდ ბიძიებს" არ უჯერებენ.
მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოსთხოვოს აშშ-ს მთავრობას ისეთი არაჰუმანური და არაევროპული კანონის გაუქმება, როგორიც არის სიკვდილით დასჯა,(აშშ-ს შტატების უმრავლესობაში დღესაც არსებობს,უფრო მეტიც, ზოგ შტატში არასრულწლოვანების სიკვდილით დასჯაც კი დაშვებულია). წინააღმდეგ შემთხვევაში დასანქცირებით დაემუქროს.
როგორ მოიქცევა ასეთ შემთხვევაში ჩვენი „თანასწორუფლებიანი“ პარტნიორი აშშ-ს მთავრობა? ალბათ სიცილადაც არ ეყოფა რაღაც ღირებულებებზე და სტანდარტებზე მითითება.
ახლა წარმოვიდგინოთ, რუსეთის ხელისუფლებას რომ განეცხადებინა, თუ ჩვენთვის არმოსაწონ კონკრეტულ კანონს გააუქმებთ და არჩევნებს სამართლიანად ჩაატარებთ (რაშიც იგულისხმება მათი მოწონებული პარტიის უპირობო გამარჯვება), მაშინ სავიზო შეღავათებს მოგცემთ, შეგაიარაღებთ და დიდ ინვესტიციებსაც ჩავდებთ საქართველოშიო, რა ამბავი ატყდებოდა და სწორიც იქნებოდა. ვინაიდან ასეთი შეთავაზება, შეუთავსებელია
პარტნიორულ ურთიერთობასთან, ბღალავს ადამიანის უფლებებს, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას!
ვინც ფიქრობს, რომ ასეთი მიდგომით ჩვენ მტერს და მოყვარეს ვერ ვარჩევთ, იმას დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე და სუვერენიტეტზე წარმოდგენა არა აქვს. სამწუხაროდ, სწორედ დასავლეთმა გადაუხვია იმ დასავლურ კურსს, რომლის დამკვიდრებისთვისაც ჩვენ საბჭოთა პერიოდშიც ვიბრძოდით და ვიბრძვით დღესაც.თანამედროვე დასავლეთმა, ზოგადსაკაცობრიო ფორმულირებები ჩაანაცვლა თაღლითური ტერმინებით. ის, რაც დასჯადი იყო საბჭოთა დროშიც კი, დღეს ლეგიტიმურად აქცია და გავლენიანი მცირე ჯგუფის ინტერესებს მოარგო.
მაგალითად, ქრთამის მიცემით საკუთარი ინტერესების გატარებას, დღეს „დემოკრატიული“ ტერმინი „ლობისტური საქმიანობა“ ჰქვია. ლობირება ითვალისწინებს არა სიმართლის დადგენასა და გავრცელებას, არამედ ტვინების გამორეცხვის გზით, იმ სასურველი ტყუილის მტკიცებას, რასაც დამქირავებელი დაუკვეთავს დაქირავებულ ლობისტს.
ტყუილის მტკიცების კლასიკური მაგალითი ჩვენ ყველამ ვნახეთ სააკაშვილის სასამართლო პროცესების დროს, როცა მისი ლობისტები, საღ-სალამათ კაცზე, სამარცხვინოდ გვიყვებოდნენ გამოგონილ დიაგნოზებს და გვიმტკიცებდნენ თითქოს მას დემენცია, კახექსია (არც ერთი არ იკურნება) და სხვა უამრავი დაავადება სჭირსო.
ტყუილებით, შეთხზული დიაგნოზებითა და ტვინების გამორეცხვის გზით, კინაღამ ხალხი აიყოლიეს და ქვეყანა ამოგვიყირავეს.
სერიოზული ძალისხმევის შედეგად გაიშიფრნენ თაღლითი ლობისტები. ამის შემდეგაც კი ბოდიშიც არავის მოუხდიათ ქართველი ხალხისათვის, არც უნამუსო დამქირავებლებს და არც ასეთივე ლობისტებს. მსგავსი ტყუილი, ვინმე უფულოს რომ ეკადრა, რომელიც ფსევდოლიბერალების ფავორიტი არ იქნებოდა, იმ საცოდავს რას დამართებდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ?
ფსევდოლიბერალები სწორედ ასეთი გზებითა და საშუალებებით ურეცხავენ ტვინებს გაუნათლებელ, საქმეში ჩაუხედავ ხალხს...
კანონით ხალხს აქვს უფლება, მოვლენებთან დაკავშირებით მიიღოს სწორი (მართალი) ინფორმაცია. ხალხის ეს უფლება და ვიღაც გაქსუებულების მიერ ნაყიდი ლობისტების ცრუ ინფორმირება, ერთმანეთთან სრულიად არათავსებადია. ამას დაუმატეთ გაყიდული, მიკერძოებული, ცრუ მედიის როლი ხალხის ზომბირების საქმეში და გასაგები გახდება, რატომ ხდება ამდენი არაბუნებრივი და „უცნაური“ მოვლენა ამ ქვეყანაზე.
ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების მიზნები და ამოცანები მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ დემოკრატიულმა მმართველობებმა გადახედონ სახეშეცვლილ პოლიტიკას და დაუბრუნდნენ იმ ზოგადსაკაცობრიო სტანდარტებს, რომლის დამკვიდრებისთვისაც იბრძოდნენ დისიდენტები საბჭოთა რეჟიმის დროს,“ - წერს ნანა კაკაბაძე.