24-05-2024
„გრძელდება შანტაჟის და მუქარის პოლიტიკა იმისთვის, რომ საქართველომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები არ მიიღოს. დახარჯული ასეულობით მილიონის მიუხედავად კი აგენტურა იმდენად უსუსურია, რომ მხოლოდ გარე აქტორების მოქმედებების იმედზე რჩება და ხარობს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს.
მდინარაძე ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აჯამებს და აღნიშნავს, რომ უპრეცედენტო და ამავდროულად კომიკურია, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს, კანონის მიღებისთვის სანქციას უწესებდე.
მისივე თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობა ვიზაზე არ იყიდება.
„მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში: საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრის დროს ევროკომისრის მხრიდან ჩვენი მისამართით იყო მინიშნება სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებაზე; საფრანგეთმა მიიღო კანონი უცხოური ჩარევის პრევენციის შესახებ; გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატოს წევრ თურქეთშიც ინიცირდება ანალოგიური სფეროს რეგულირების კანონპროექტი; აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაგვიანონსა სანქციები მათ ქვეყანაში მოქმედ კანონზე გაცილებით ლოიალური კანონის მხარდაჭერისთვის.
წესით შეფასებასაც კი აღარ საჭიროებს ეს მოცემულობა, თუმცა ძალიან მოკლედ:
1. გრძელდება შანტაჟის და მუქარის პოლიტიკა იმისთვის, რომ საქართველომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები არ მიიღოს. დახარჯული ასეულობით მილიონის მიუხედავად კი აგენტურა იმდენად უსუსურია, რომ მხოლოდ გარე აქტორების მოქმედებების იმედზე რჩება და ხარობს.
2. უპრეცედენტო და ამავდროულად კომიკურია, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს თავისი შეხედულებისამებრ კანონის მიღებისთვის სანქციას უწესებდე.
3. ოჯახის წევრებზე პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე საბჭოთა კავშირმაც კი უარი თქვა მის დაშლამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე…
4. ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება. ამისთვის ვიზაზე უარი კი არა, სიკვდილზე წავსულვართ ქართველები, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერა და ვერ გაგვიცნეს! ქართველები, რომლებიც არასდროს დავთმობთ საკუთარ მამულს, ენას, სარწმუნოებას, ტრადიციებს, ღირსებას, სამართლიანობას და ასე გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები!
საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს ელაპარაკოს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ, და არა გარედან დანიშნულ ხელისუფლებას! საქართველო ამას შეძლებს! #კისაქართველოსდამოუკიდებლობას #კიგამჭვირვალობას #ღირსებითევროპისკენ" - წერს მამუკა მდინარაძე.