გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ჩვენთვის, რა თქმა უნდა, აშშ-თან მეგობრობა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს რეგიონში და რა ურთიერთობა გვაქვს ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან

25-05-2024

„რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა, ამერიკა რომ მოქცეულიყო როგორც ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორი და მიგვეღო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მაგრამ ეს არ მისცემს ჩვენს ეკონომიკას რაიმე განსაკუთრებულ შესაძლებლობას, რადგან შტატები ჩვენგან ძალიან დაშორებულია გეოგრაფიულად," - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველო-აშშ-ის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობებზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


როგორც სუბარმა თქვა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა ბევრად უფრო არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს რეგიონში და რა ურთიერთობა გვაქვს ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან.


სოზარ სუბარმა იმაზეც ისაუბრა, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის მიმართ, აშშ-ს და ევროპის ინტერესები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა. თუმცა სამწუხაროდ ევროპა ხშირად ვერ ატარებს მისთვის სასურველ პოლიტიკას, ვინაიდან ემორჩილება გლობალური ომის პარტიის ინტერესებს.


„სინამდვილეში ევროპას ხშირად სხვა ინტერესი აქვს, ამერიკას - სხვა, თუმცა ევროპა სამწუხაროდ, ხშირად საკუთარ პოლიტიკას კი არ ატარებს, არამედ ატარებს იმ პოლიტიკას, რასაც გლობალური ომის პარტია კარნახობს. რატომ ვამბობ, რომ მათ სხვადასხვა ინტერესი აქვთ? ამერიკის ინტერესი, როგორც ყველაზე დიდი საზღვაო სახელმწიფოსი, ბუნებრივია არის ის, რომ ტვირთები გადაიტანოს ზღვით, სადაც მას კონტროლი აქვს და ნებისმიერ წუთს შეუძლია გარკვეული დაბრკოლებები შექმნას ნებისმიერ ზღვაზე, სრუტესა თუ ოკეანეში. ამ დროს, ევროპის ინტერესი უნდა იყოს, რომ ყველაზე მოკლე გზით მიდიოდეს ტვირთები. ეს ყველაზე მოკლე გზა ერთი არის რუსეთის გავლით, მეორე - კავკასია, ამ შემთხვევაში. რუსეთის გავლით პრობლემები შეიქმნა უკრაინის ომის გამო, თუმცა, როგორც კი ჰუსიტებმა პირველი ჭურვი ისროლეს წითელ ზღვაში, 40 %-ით გაიზარდა ჩინეთიდან ევროპაში რუსეთის გავლით სარკინიგზო გადაზიდვები, ვითომ ომი არც არის. ტვირთები მიდის ჩინეთიდან რუსეთის გავლით ბალტიისპირეთის ქვეყნებში და იქიდან ნაწილდება დანარჩენ ევროპაში, ძირითადად გერმანიაში. უცებ დაავიწყდათ, რომ უკრაინაში ომია, დაავიწყდათ სანქციები და ვაჭრობისა და მოგების ინტერესმა გადაფარა ყველაფერი. ომი ომად, ხოლო ბიზნესი - ბიზნესად. „ომი ომია მაგრამ სადილი თავის დროზე“ - დაახლოებით ეს პოლიტიკა აქვთ,” - განაცხადა სოზარ სუბარმა.


რაც შეეხება ამერიკასთან ურთიერთობას, სუბარი აცხადებს, რომ მიუხედავად მრავალწლიანი ურთიერთობისა, საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა არ ვითარდება.


„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამდენი წელია ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს დადებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, ვერც ერთი ხელშესახები სიკეთე ვერ მივიღეთ. ამერიკა დღემდე არც კი გველაპარაკებოდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობაზე. ახლა კი გადაწყვიტეს შეურაცხმყოფელი ტონით გველაპარაკონ - თუ კანონს მიიღებთ, სანქციებს დაგიწესებთ, ხოლო თუ დაგვემორჩილებით და კანონზე ვეტოს არ დაძლევთ, მაშინ ვნახოთ, შეიძლება დაგელაპარაკოთ ვაჭრობისა და ვიზების ლიბერალიზაციაზეო.


რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გაგვიხარდება, აშშ რომ ისე მოიქცეს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება და ხელი რომ მოვაწეროთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, მაგრამ საქართველოს ეკონომიკისთვის ეს რაიმე განსაკუთრებული პანაცეა ვერ იქნებოდა. შტატები ჩვენგან გეოგრაფიულად ძალიან შორს არის და ჩვენ ყოველთვის გვექნება გაცილებით მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, თუნდაც რუსეთთან - ჩვენს უშუალო მეზობლებთან და მათ მოსაზღვრე ქვეყნებთან, ვიდრე ოკეანის გაღმა ქვეყანასთან. ამიტომაც, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა ბევრად უფრო არის დამოკიდებული იმაზე, რა ხდება ჩვენს რეგიონში და რა ურთიერთობა გვაქვს ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან. ასეთია ჩვენი გეოგრაფია და გეოსტრატეგიული მდებარეობა, რასაც ჩვენ ვერ შევცვლით. შესაბამისად, სწორედ ეს მდებარეობა უნდა ვაქციოთ ჩვენს უპირატესობად.


აი ეს ხაზი უნდა განვავითაროთ ჩვენ, პირველ რიგში, იმის პარალელურად, რომ ჩვენი ვექტორი რჩება უცვლელი - ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება და ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად გახდომა. ეს სივრცე ჩვენთვის ბევრად უფრო ახლობელია, იმიტომ, რომ ისტორიულად და ცივილიზაციურად სწორედ ამ სივრცის ნაწილი ვართ," - განაცხადა სოზარ სუბარმა.


ევროპაზე საუბრისას, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ცვლილებები, განსაკუთრებით პოლიტიკაში, ევროპის ქვეყნებში უკვე დაწყებულია და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება.


"ევროპაში დღესდღეობით ბევრი რამ იცვლება და ეს ცვლილებები უფრო დაჩქარდება. სახადივით იყო ულტრა-ლიბერალიზმი და ლიბერალური ფაშიზმი, რ

რომელიც დღესაც არის წამყვანი დასავლური იდეოლოგია, მაგრამ ნელ-ნელა ბევრ ქვეყანაში ის მარცხდება და ამის შედეგს წელსაც ვიხილავთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. მხოლოდ ევროპარლამენტის არჩევნებს არ ვგულისხმობ, თუმცა იქაც იქნება გარკვეული ცვლილებები, მაგრამ მთავარი ცვლილებები ევროპის რამდენიმე ქვეყნის ეროვნულ არჩევნებზე მოხდება” - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930