გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს: მაშველებისა და ვერტმფრენის ჩართულობით, სტიქიის ზონებიდან მოქალაქეები არიან გამოყვანილი

26-05-2024

უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც შსს-ში აცხადებენ, სამაშველო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც მონაწილეობს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საქართველოში მოსული უხვი ნალექის გამო, შესაბამისი ტექნიკითა და მცურავი საშუალებებით, მობილიზებულები არიან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის სამაშველო ღონისძიებებს. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 


როგორც შსს-ში აცხადებენ, მარნეულის მუნიციპალიტეტში დატბორილი ერთ-ერთი კვების ობიექტიდან მაშველებმა ვერტმფრენის დახმარებით მოქალაქეები გამოიყვანეს. აგრეთვე, ვერტმფრენი იყო ჩართული სამაშველო ოპერაციაში, რომლის ფარგლებშიც, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდინარე ქციას ნაპირზე ერთი მოქალაქე იქნა გამოყვანილი.

„უხვი ნალექის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ობიექტი. მათ შორის, მდინარის ადიდების შედეგად დაიტბორა წითელი ხიდის მიმდებარედ არსებული ერთ-ერთი კვების ობიექტი, რომელშიც მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მეხანძრე-მაშველებმა მყისიერად ჩატარებული სამაშველო ღონისძიებების შედეგად, ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. სამაშველო ღონისძიებაში, ჩართული იყო სასაზღვრო
პოლიციის ვერტმფრენი.

განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფის მიერ, ასევე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოყენებით, უსაფრთხო ადგილზე იქნა გადაყვანილი მოქალაქე, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, მდინარე ქციაში არსებულ კუნძულზე იმყოფებოდა და ვერ ახერხებდა ნაპირზე გასვლას“, - აცხადებენ შსს-ში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930