27-05-2024
ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, პეტრ ფიალა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ჩეხეთის მხარდაჭერის იმედი.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
ვაფასებ ჩეხეთსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ და ინტენსიურ ურთიერთობებს. მტკიცედ მწამს, რომ ჩვენი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით განვითარდება. გარწმუნებთ, საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ჩეხეთის მხარდაჭერის იმედი ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობის შემდგომი კონსოლიდაციის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის განსაზღვრული პირობების შესრულების პროცესში,"- აღნიშნულია მილოცვაში.
წერილის დასასრულს, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობის მეთაურს პატივისცემას უდასტურებს და საქართველოში მოწვევისათვის მადლობას უხდის.