28-05-2024
შუა დერეფნის ისტორიაში პირველად ჩინეთიდან საქართველოში ორგანიზებული საპილოტე ავტოგადაზიდვა განხორციელდა - ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში დატვირთული ავტომობილები საქართველოში ყაზახეთის, კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლით საქართველოში 26 მაისს შემოვიდნენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის ინფორმაციით, ამჯერად ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილი საქართველო იყო, თუმცა, სამომავლოდ შესაძლებელია, შუა დერეფნის მარშრუტით ავტოგადაზიდვები ჩინეთიდან ევროპაში განხორციელდეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტროს საერთაშორისო საავტომობილო ოფიცერ ლიუ ტანგსა და გურამ გურამიშვილს შორის, რომელსაც ასევე ესწრებოდა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან გამყრელიძე.
მხარეებმა განხორციელებული საპილოტე გადაზიდვის შესახებ დეტალური ინფორმაცია განიხილეს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ივლისის თვეში დაიგეგმა საქართველოს გავლით ანალოგიურ მარშრუტზე სატრანზიტო გადაზიდვა, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდება.
„ჩინეთიდან საქართველოში ორგანიზებული ავტოგადაზიდვა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა იმ იმპორტიორებისა და მეწარმეებისთვის, რომელთაც ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები აქვთ. ამ ტიპის საავტომობილო გადაზიდვების შესაძლებლობა მათ მობილობას ბევრად გააადვილებს და ზოგადად, მიწოდების ჯაჭვში ტვირთების საქართველოში შემოსვლას გაცილებით ოპერატიულს გახდის“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.
ამასთან, მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ეს მარშრუტი 2017 წლიდან მუშაობს სარკინიგზო ტრანსპორტის სახით, წელს კი პირველად გაიცვალა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალჯერადი საავტომობილო გადაზიდვის ნებართვები.
„ასეთი სახის გადაზიდვების რაოდენობის ზრდის შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში განვითარდება სხვადასხვა სახის ლოგისტიკური სერვისები. რაც მთავარია, ჩვენი ინფრასტრუქტურა ინტენსიურად ვითარდება და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული საავტომობილო მაგისტრალი ამის პირველი დადასტურებაა. ქვეყანაში ასევე არაერთი გლობალური სატრანსპორტო პროექტი ხორციელდება - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტები, აქტიურ ფაზაში შევიდა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის საჭირო პროცედურები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება ამ მარშრუტით ავტოგადაზიდვის ვადებს - გურამიშვილის ინფორმაციით, ჩინეთიდან ევროპაში საზღვაო გზით ტვირთის გადაზიდვას 52 დღე სჭირდება, მაშინ, როცა შუა დერეფნის გავლით საქართველოს პორტებამდე საკონტეინერო გადაზიდვა 12 დღეშია შესაძლებელი. მისი შეფასებით, გადამზიდავი კომპანიებისთვის ეს პროექტი და მარშრუტი უაღრესად მიმზიდველია.
„შესაბამისად, საქართველო გლობალური მიწოდების ჯაჭვში შუა დერეფნის სახით მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.