გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშიამ ქართულ-პორტუგალიური ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა

28-05-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ კრებულის - „ქეთევან დედოფალ წამებული და საქართველო-პორტუგალიის ისტორიულ დიპლომატიური ურთიერთობები“ წარდგენის ღონისძიება გახსნა.


თსუ-ის ინფორმაციით, კრებული ეძღვნება საქართველოსა და პორტუგალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს.


თსუ-ის რექტორმა ღონისძიების გახსნისას საქართველო-პორტუგალიის ურთიერთობების ისტორიასა და ამ ურთიერთობის სამომავლო გაღრმავებაზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა კრებულის მნიშვნელობასა და მის შინაარსზე.


„არ შეიძლება არ გავიხსენოთ პორტუგალიის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს ემიგრაციისადმი. დღეს ჩვენი ურთიერთობები სრულიად სხვა სიმაღლეზეა. ძალიან ბევრს აკეთებს ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად საქართველოს საელჩო პორტუგალიაში და ელჩი გიორგი მირცხულავა თავის გუნდთან ერთად. ამ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ნათელი მაგალითია საუნივერსიტეტო დონეზე არსებული კავშირები“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.


თსუ-ის ინფორმაციით, კრებულის წარდგენას ესწრებოდნენ საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოსვალდო ბიატო ჯუნიორი, პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის ორგანიზაციის დელეგაცია და მისი აღმასრულებელი მდივანი ზაკარიაშ და კოშტა, საქართველოს ელჩი პორტუგალიაში გიორგი მირცხულავა, თსუ-ის პროფესორები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.


„პორტუგალიის დელეგაციის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმ მიმდინარე პროექტებსა და თანამშრომლობით ურთიერთობებს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობისთვის.


სეზან პაბლიშინგის მიერ სამ ენაზე: ქართულ, პორტუგალიურ და ინგლისურ ენებზე გამოცემულ ილუსტრირებულ კრებულში წარმოდგენილი მოხსენებების მიზანია ფართო საზოგადოებას გააცნოს საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებული ისტორიული, დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930