28-05-2024
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი საქართველოს შესახებ მორიგ სტატიას აქვეყნებს. კერძოდ, იოზვიაკი სვამს კითხვას, რა პასუხი შეიძლება გასცეს ევროკავშირმა ქვეყანაში გამჭვირვალობის კანონის მიღებას.
ჟურნალისტი განიხილავს იმ ვარიანტებს, რაც ბლოკს აქვს და ოთხ სავარაუდო ვერსიას ასახელებს: ქვეყნისთვის ევროკავშირის დაფინანსების შეწყვეტა, ქართველი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების დასანქცირება, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება და ვიზალიბერალიზაციის შეჩერება.
იოზვიაკი მიიჩნევს, რომ ყველაზე აშკარა ვარიანტი, რომელსაც ასევე აშშ-ის კონგრესი განიხილავს, ქართველი პოლიტიკოსებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება და მათი ფინანსების გაყინვაა. თუმცა, მისივე თქმით, ამის მიღწევა რთული იქნება, რადგან ამ გადაწყვეტილებისთვის საჭიროა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება.
„ევროკავშირის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფის შეწყვეტა არის ის, რაც ევროკომისიას წევრი ქვეყნების მწვანე შუქის გარეშე შეუძლია, მაგრამ აქაც არის დაბრკოლება. საქართველო ყოველწლიურად იღებს დაახლოებით 85 მილიონი ევროს გრანტების სახით. ნაწილი მიდის პირდაპირ სახელმწიფოსთან, ნაწილი კი ქვეყანაში არსებულ ორგანიზაციებთან. ამ ფულის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის სამოქალაქო სექტორს, რომლის დაცვაც ბრიუსელს ახლა ისე სურს, როგორც არასოდეს“, - წერს იოზვიაკი.
რაც შეეხება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ქვეყანას უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირში ამ სტატუსის გაწვევის პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა.
„ერთი უმნიშვნელო გართულება აქ ის არის, რომ დიდი ალბათობით, ივნისის ბოლოს, ევროკავშირი მიზნად ისახავს ოფიციალურად დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები მოლდოვასა და უკრაინასთან, ისევე, როგორც სერბეთისა და მონტენეგროს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესების წინსვლას. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სხვადასხვა ბანაკის დაკმაყოფილება, რომლებიც მხარს უჭერენ ბლოკში გაწევრიანების მსურველებს დასავლეთ ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, უკვე ისედაც რთულ პოლიტიკურ ქორეოგრაფიას მოითხოვს. ევროკავშირის ძალიან ცოტა ოფიციალურ პირს, ვისაც ვესაუბრე, სურს კიდევ უფრო გაართულოს საქმეები, საქართველოს საკითხის დამატებით“, - წერს იოზვიაკი.
მისი თქმით, ამ მხრივ ყველაზე სავარაუდო სცენარი სტატუს-კვოს შენარჩუნებაა, როდესაც საქართველო შეინარჩუნებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ ქვეყანასთან არ გაიხსნება.
იოზვიაკი ასევე წერს, რომ საქართველოს მთავრობას ჰყავს მეგობრებო მაღალ თანამდებობაზე - უნგრეთი, სლოვაკეთი და ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს. მაგალითად ჟურნალისტს ის ფაქტი მოჰყავს, რომ 14 მაისს, როდესაც საქართველოს პარლამენტმა გამჭვირვალობის კანონი მესამე მოსმენით მიიღო, ევროკავშირს განცხადების გასავრცელებლად 21 საათი დასჭირდა - უნგრეთმა და სლოვაკეთმა განცხადების არაერთი ვარიანტი დაბლოკეს.
იოზვიაკი ბრიუსელში წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ უნგრეთს სჯერა, რომ ევროკავშირი არ უნდა ჩაერიოს შიდა საქმეებში, სლოვაკეთის ახალი მთავრობა კი თავად აპირებს „უცხოელი აგენტების“ კანონის მიღებას.
როდესაც წევრი სახელმწიფოები საქართველოსთან მიმართებაში განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ, განცხადება ჟოზეფ ბორელმა გააკეთა, თუმცა, ამ განცხადების გავრცელებაც ვარჰეიმ შეაყოვნა, რომელმაც საბოლოო ჯამში საკუთარი ხელმოწერა ჩახსნა, რადგან არ ეთანხმებოდა ტექსტის ნაწილს, რომელიც ამტკიცებდა, რომ კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება.
„რჩება ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. ეს სოლიდური ვარიანტია და ერთსულოვნებას არ მოითხოვს. მის დასამტკიცებლად საჭიროა კვალიფიციური უმრავლესობა - წევრი სახელმწიფოების 55%, ანუ 27-დან 15 წევრი სახელმწიფო, რომლებიც ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს წარმოადგენენ.
თუმცა, ეს საკამათო ნაბიჯი იქნება, რადგან თავისუფალი სავიზო მიმოსვლა, რომელიც 2017 წელს ამოქმედდა, ალბათ ევროკავშირის ყველაზე პოპულარული პოლიტიკაა ქართველებს შორის. ბევრ დიპლომატს ევროკავშირის ქვეყანაში სჯერა, რომ უსამართლობა იქნება ასე მთელი მოსახლეობის დასჯა.
როგორც მე ვხვდები, იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც ამ ვარიანტს განიხილავს ან ის ბოლომდე არ გამორიცხა, იზრდება - თუმცა კვალიფიციური უმრავლესობისთვის საჭირო რაოდენობა ჯერ არ არის“, - წერს იოზვიაკი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაცია ისტორიაში ერთხელ გააუქმა ვანუატუსთან მიმართებაში. 2022 წლის მარტში მან სახელმწიფოს უვიზო მიმოსვლა დროებით შეუჩერა „ოქროს პასპორტების“ გამო - ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭების სისტემის გამო, რომელსაც ეს ქვეყანა იყენებდა. რადგან ვანუატუს მთავრობამ არანაირი ზომა არ მიიღო, 2022 წლის ნოემბერში ბრიუსელმა ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია გაუუქმა.