28-05-2024
„დღეს მიღებული ქართული გადაწყვეტილებით, ხალხს ბევრად მეტი სიმართლე ეცოდინება, ვიდრე იცოდა აქამდე. აგენტურას კი ნაკლები შესაძლებლობა ექნება, რომ ქვეყანა სხვის ინტერესებს ანაცვალოს,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან მიმართა გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს და მოუწოდა, უცხო ძალებს არ გამოაყენებინონ მათ გულწრფელი პროტესტი.
„რამდენიმე დღეა პარტნიორებმა შემოგვითვალეს, თუ სუვერენიტეტს არ დათმობთ, საზოგადოებას სიმართლეს ეტყვით, ერისა და ბერის ერთობას თავს არ დაანებებთ, დაგასანქცირებთო. თუ დამორჩილდებით, მაშინ ფულს მოგცემთ, ვიზებს და თვითმფრინავის ბილეთებსო. ეს რომ გავიგე, გათენებას ველოდი, რომ მეთქვა - სამშობლო არ იყიდება-მეთქი. ჩვენი წინაპრები რომ ასე მოქცეულიყვნენ, 3000-წლიანი ისტორია არ გვექნებოდა. როგორც ვიცი, ასე ფიქრობს მმართველ გუნდში უკლებლივ ყველა.
და თუ ოპოზიციას ვიზა, ბილეთები და ფული ურჩევნია, საზოგადოება ნუ იდარდებს, ისინი საბედნიეროდ ცოტანი არიან და გადაწყვეტილებას ვერ შეცვლიან. დღეს მიღებული ქართული გადაწყვეტილებით, ხალხს ბევრად მეტი სიმართლე ეცოდინება, ვიდრე იცოდა აქამდე.
აგენტურას კი ნაკლები შესაძლებლობა ექნება, რომ ქვეყანა სხვის ინტერესებს ანაცვალოს. ახალგაზრდებს კი, ვინც შეცდომაშია შეყვანილი და ჰგონია, რომ საკუთარ ენერგიას სამშობლოსათვის ხარჯავს, მინდა ვთხოვო, რომ საკუთარ გულწრფელობას ფუჭად ნურც თქვენ გახარჯავთ და ნურც სხვას გამოაყენებინებთ. რთულია ვითარება მსოფლიოში და განსაკუთრებით ცეცხლსაშიშია ჩვენი რეგიონი. დღეს ომის მსურველები უფრო მეტნი არიან, ვიდრე მშვიდობის მომხრენი და საქართველოსაც ცეცხლში ექაჩებიან. ჩვენ კი თქვენი სიცოცხლე ომში დასასრულებლად არ გვემეტება და სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ამას და ვითმენთ ამდენს. მშვიდობა თქვენ და მშვიდობა სრულიად საქართველოს!“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.