28-05-2024
„ბატონო გიორგი, თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ არა მარტო პარლამენტში მყოფ დეპუტატებს, არამედ, მთელ ქართულ საზოგადოებას, რომელიც ინტერესით გისმენთ. ერთი მარტივი შეკითხვა გვაქვს - „რატომ“? და პასუხი არის ნული“, - ასე მიმართა პარლამენტში „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დაჩი ბერაიამ პრეზიდენტის წარმომადგენელს, გიორგი მსხილაძეს გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს განხილვისას.
მისი თქმით, პარლამენტის ტრიბუნასთან ასეთი მოუმზადებელი ადამიანი, როგორიც პრეზიდენტის წარმომადგენელია, ჯერ არ უნახავს.
„არავითარი პასუხი არ არსებობს - მოხვედით აქ, ვიღაცის დაწერილი ტექსტი წაგვიკითხეთ, მერე, პასუხის გაცემის დროს, ისევ იგივე წაგვიკითხეთ, დაზუსტების დროს ისევ ამ ტექსტს წაიკითხავთ, ალბათ - ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, რომელიც ყურადღებით გისმენთ და აინტერესებს, თუ რა არის ამ კანონში ცუდი, ან - რუსული, რასაც თქვენ ვერ ეუბნებით. მარტივ შეკითხვაზე - „რატომ?“, ვერ პასუხობთ და ამბობთ მხოლოდ - „იმიტომს“. ამას ვერ გაცდით, რადგან არ არსებობს არანაირი არგუმენტი, პუნქტი, რომელიც შეიძლება რუსული, ცუდი, ან არაქართული იყოს. სწორედ ამიტომ ხართ ასეთი მოუმზადებელი.
მერვე წელია, პარლამენტის წევრი ვარ, მანამდეც თვალყურს ვადევნებდი პარლამენტის ტრიბუნას და ტრიბუნასთან ასეთი მოუმზადებელი ადამიანი ჯერ არ მინახავს. იმიტომ, რომ არანაირი არგუმენტი არ გაქვთ, რადგან ის ბუნებაში არ არსებობს“, - განაცხადა დაჩი ბერაიამ.