3-10-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, 6 წლის წინ საქართველოს მოქალაქეებმა თავისუფლების სასარგებლოდ ისტორიული არჩევანი გააკეთა.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„6 წლის წინ, ქართველმა ერმა გააკეთა ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ რეჟიმს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი გადამწყვეტი დღე გახდა.
„ამ დღეს ,,ქართულმა ოცნებამ", ქართველ ერთან ერთად უდიდესი გამარჯვება მოიპოვა - მშვიდობიანი გზით შეიცვალა ხელისუფლება და დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი საქართველოს სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული განვითარების გზაზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს საქართველო ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ექვსი წლის წინ.
„ქვეყანამ წინსვლას ყველა სფეროში მიაღწია და პროგრესიც ხელშესახებია, მაგრამ რჩება უამრავი სირთულე და გამოწვევა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გადავლახავთ. ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი და განვითარებული ევროპული ქვეყანა, და მივაღწიოთ ჩვენს საერთაშორისო მიზნებს - საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის და ნატოს სრულფასოვანი წევრი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.