გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ცხოვრების დონის გაუმჯობესება, სიღარიბის დაძლევა და კეთილდღეობის შექმნა

29-05-2024

„ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანაა ცხოვრების დონის გაუმჯობესება, სიღარიბის დაძლევა და კეთილდღეობის შექმნა ამ ქვეყანაში. ჩვენ ეკონომიკური განვითარება გვინდა იმისთვის, რომ მივიღოთ მეტი დასაქმება და ეს ყველაფერი დაკავშირებული იყოს თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონის ზრდასთან," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული სიღარიბის მაჩვენებლების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა.  


„ჩვენი მოლოდინიც ზუსტად ასეთი იყო, როდესაც დიდ ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობდით. გასულ წელს იყო თითქმის 8 პროცენტი, წინა წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. სასიხარულოა, რომ მონაცემები, რომელიც 2023 წელს ეხება, არის დამაიმედებელი - სიღარიბე  ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელს შევინარჩუნებთ სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას, რომ ქვეყანაში ყველაზე პრიორიტეტული, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა რაც არის - სიღარიბე, საბოლოოდ დავამარცხოთ და უფრო მეტ კეთილდღეობაზე ვიფიქროთ," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


„მიმდინარე წლის მონაცემები საკმაოდ კარგია. პირველი კვარტლის მიხედვით საქართველო ჯერ კიდევ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. ინფლაცია არის კონტროლქვეშ. ვფიქრობ, რომ სწორი პრუდენციული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგები ცალსახაა და სახეზეა. იმედი გვაქვს, რომ მომდევნო თვეების მონაცემები ასევე იქნება დამაიმედებელი. ჩვენი წინასწარი მონაცემებით, აპრილის თვის ეკონომიკური ზრდა მაღალია. თუმცა ჯერ დაველოდოთ „საქსტატის" ოფიციალურ მაჩვენებელს, რომელიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930