გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობები კიდევ უფრო მტკიცეა

3-10-2018

მამუკა ბახტაძე: საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობები კიდევ უფრო მტკიცეა

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით,

ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე, როგორც ახლა.

 

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

 

 

„ყველა შეხვედრაზე იქნა ხაზგასმით აღნიშნული, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა  ყველა მნიშვნელოვან ინსტიტუტთან შედგა, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილების მომზადებაში მონაწილეობას იღებს, მათ შორის, საექსპერტო საზოგადოებასთან.  

 

როგორც მან განაცხადა, საქართველოს ყველა იმ ინიციატივაში აქვს სრული მხარდაჭერა, რომელიც ქართულმა დელეგაციამ წარადგინა და რომელიც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ემსახურება.

 

„პრემიერ-მინისტრის რანგში საქართველოს მთავრობის დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი პირველი ვიზიტი იყო. თეთრ სახლში მაღალი დონის შეხვედრები გვქონდა და სენატში ჩვენს მეგობრებთან. ყველა შეხვედრაზე იქნა ხაზგასმით აღნიშნული, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე იმ ყველა განზომილებაში, რომელსაც ჩვენ ჩვენს მეგობრებთან ერთად ვავითარებთ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გვქონდა შეხვედრები საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან. განვიხილეთ საქართველოში ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები, ჩვენი რეფორმათა პაკეტი, მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ჩვენს რეგიონში ეკონომიკური ტურბულენტობა იზრდება, ვისაუბრეთ განათლების რეფორმასა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე. მსოფლიო ბანკი, ისევე როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ერთხმად აღნიშნავენ საქართველოს პროგრესს და როგორც რეგიონის ლიდერისა და რეგიონალური საყრდენის როლს ფინანსური სტანდარტებისა და ბიზნესის კეთების კუთხით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარი ქვეყანა, რომელიც ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამას დანერგავს ქვეყანაში.

 

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს მსოფლიო ბანკში და საერთაშორისო სავალუტო ფონდში ამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რეფორმები, რომელიც იყო წარდგენილი აშშ-ში ვიზიტისას გამართულ შეხვედრებზე, სრული მხარდაჭერა აქვს ყველა მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტისგან.

 

„ვიზიტის ფარგლებში ასევე ჩვენ გვქონდა ორმხრივი ნაყოფიერი შეხვედრები მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტთან, ბატონ ჟან-კლოდ იუნკერთან და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელთან ფედერიკა მოგერინისთან. გაეროს სესიის ფარგლებში გამოსვლა მქონდა ნელსონ მანდელას მშვიდობის სამიტზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აშშ-ში ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესია.  მამუკა ბახტაძის თქმით, ეს იყო კარგი შესაძლებლობა მთელი მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ გამოგვეტანა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა - ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია,  რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია.

 

„ჩვენ კიდევ ერთხელ მთელი მსოფლიოს თანამეგობრობის გასაგონად აღვნიშნეთ ეს გამოწვევები, ის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელიც გვაქვს ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რასაც სამწუხაროდ ჩვენ ყველანი ვხედავთ და ამავე დროს ჩვენ გავახმოვანეთ ის გზები, როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი ინიციატივებით ამ ჰუმანიტარული კატასტროფის დასრულებას და ბუნებრივია, აქ ჩვენ მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა გვჭირდება. მე მინდა დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა, რომ ჩვენ ეს მხარდაჭერა გვაქვს" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მთავრობის მეთაურმა აშშ-ში ვიზიტს შედეგიანი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები კიდევ უფრო მტკიცეა და თვისებრივად ახალ სრულიად ეტაპზეა.

 

„ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი იყო ძალიან შედეგიანი - საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები კიდევ უფრო მტკიცეა და თვისებრივად ახალ სრულიად ეტაპზეა. ჩვენ გვაქვს ახალი ინიციატივები, თუ როგორ ნდა განვავითაროთ კიდევ უფრო ეს ურთიერთობები. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პირადად პრეზიდენტ ტრამპს, სახელმწიფო მდივანს, მაიკლ პომპეოს, მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს და მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების ყველა წევრს, რომელიც ასე გულმხურვალედ გვიჭერს მხარს. ესენი არიან საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი პასუხი ამ ინიციატივაზე - რომ ამერიკასთან ურთიერთობები გავხადოთ კიდევ უფრო ღრმა და სტრატეგიული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031