30-05-2024
ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდი ხელს შეუწყობს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროექტი განსაკუთრებული გემოვნებით არის შესრულებული და განხორციელებული.
„მოგილოცავთ ამ არაჩვეულებრივი დღეს, ამ არაჩვეულებრივი პროექტის, ბაგების საავტომობილო ხიდის გახსნას. ეს ტერიტორია მახსოვს რამდენიმე წლის წინ, როდესაც იყო აბსოლუტურად განუვითარებელი, ნაცრისფერი სივრცე ჩვენს ქალაქში და მას შემდეგ, რაც განხორციელდა პირველი ინფრასტრუქტურული პროექტები, სრულიად შეიცვალა იერსახე ქალაქის ამ ტერიტორიამ, განვითარდა გარშემო მთელი სივრცე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის და ეს პროექტიც ხელს შეუწყობს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, ამიტომ მინდა, მივულოცო ეს დღე თბილისელებს, ყველას, ვისაც უხარია ჩვენი დედაქალაქის განვითარება. მინდა, აღვნიშნო, რომ როგორც ყოველთვის, ეს პროექტიც განსაკუთრებული გემოვნებით არის შესრულებული, განხორციელებული და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პირადად ქალაქის მერს, კახა კალაძეს და მთლიანად მერიის შემადგენლობას. ასევე მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში, რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო პროექტის განხორციელებაში. წარმატებები მინდა, ყველას გისურვოთ და კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს ამ არაჩვეულებრივი პროექტის დასრულებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.