გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძე სან დიეგოში ვეტერანთა ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელს დოქტორ ფრენკ პრისონს შეხვდა

31-05-2024

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აშშ-ს ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტის სან დიეგოს ვეტერანთა ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელს, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ვეტერანთა ჰოსპიტლის დირექტორს, დოქტორ ფრენკ პრისონს და არასამთავრობო ორგანიზაციის " სან-დიეგოს ვეტერანთა კოალიციის" ხელმძღვანელს, რონ სტარკს შეხვდა. შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტის, სან-დიეგოში საქართველოს საპატიო კონსულის, მელორი წიფურიას ორგანიზებით შედგა.


შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, მასპინძელ მხარეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურა გააცნო და იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომელთაც სამსახური, ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახორციელებს.


მან, ასევე, ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც სამსახურისა და საქართველოს ვეტერანების წინაშე ჯერ კიდევ დგას ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით და რომელთა გადალახვაშიც, საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა, მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.


თავის მხრივ, დოქტორ ფრენკ პრისონმა, სტუმრებს წარუდგინა ვრცელი პრეზენტაცია, რომელშიც დეტალურად იყო განხილული ის მიმართულებები და პრიორიტეტები, რომლებიც სან-დიეგოს ვეტერანთა ჰოსპიტალს აქვს.


კობა კობალაძის განცხადებით, ამ გამოცდილების გაზიარება, მნიშვნელოვნად დაეხმარება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მისი ბენეფიციარებისთვის შემუშავებული ჯანდაცვის პროგრამების გაუმჯობესებაში.


საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში ვეტერანთა თანამედროვე, მრავალფუნქციური ჰოსპიტლის მშენებლობის საკითხსაც. მასპინძლების განცხადებით, ისინი ითანამშრომლებენ ქართულ მხარესთან, გაუწევენ კონსულტაციას, მისცემენ საჭირო რეკომენდაციებს, რაც უფრო ეფექტურს და ქმედითს გახდის ვეტერანთა ჰოსპიტლის მშენებლობისა და სამომავლო განვითარების პროცესებს.


აღსანიშნავია, რომ სან-დიეგოს ვეტერანთა ჰოსპიტალი, აშშ-ს მაღალრეიტინგულ ჰოსპიტალთა ხუთეულშია.


შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს საპატიო კონსული სან-დიეგოში, მელორი წიფურია და სან დიეგოში ვეტერანთა ჯანდაცვის სისტემის დირექტორი, კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი, სკოტ გომერი.


კობა კობალაძემ, მასპინძელ მხარეს და შეხვედრის ორგანიზატორს მიღებისა და გამოცდილების გაზიარებისათვის მადლობა გადაუხადა.


მოგვიანებით, სკოტ გომერმა და რონ სტარკმა, ქართველ სტუმრებს, ჰოსპიტალი დაათვალიერებინეს და პირადად გააცნეს ჰოსპიტლის მუშაობის სპეციფიკა.

აღნიშნული შეხვედრით, კობა კობალაძემ აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაასრულა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930