31-05-2024
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოში პროფესიული განათლების პირველი კონფერენცია გახსნა, რომელიც პროფესიული პროგრამების სტუდენტებისა და მასწავლებლების მონაწილეობით გაიმართა.
კონფერენცია ,,პროფესიული განათლება - ახალი შესაძლებლობა კარიერულ წინსვლაში“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებითჩატარდა. ღონისძიების მიზანია პროფესიული განათლების მნიშვნელობის, გამოწვევების, სიახლეების, კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ მსჯელობა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით,თსუ პროფესიული განათლების ცენტრში დღეისთვის 400-მდე პროფესიული სტუდენტი სწავლობს, რომლებიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელოვან მიმართულებებს ეუფლებიან და კონკურენტუნარიანები არიან შრომით ბაზარზე.„უახლოეს მომავალში, კიდევ დავამატებთ ისეთ მიმართულებებს, რომლებიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ჩვენს სტუდენტებს, იპოვონ საკუთარი თავი შრომით ბაზარზე. ეს ღონისძიება არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონფერენცია ეძღვნება პროფესიულ განათლებას და არის ძალიან კარგი საშუალება, ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რაც ამ სფეროშია. პროფესიული განათლება არის ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზად არის,მაქსიმალურად დაუჭიროსმხარიამ მიმართულებას,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
კონფერენციის გახსნასთსუ რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი თამარ კვინიკაძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე, პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი ირინა მარგიშვილი, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან წიქარიძე, პროფესიული სტუდენტები, კურსდამთავრებულები და მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის თამარ კვინიკაძის ინფორმაციით, ეს არის პირველი კონფერენცია, რომელიც გვაძლევს საშუალებას გახსნილად ვიმსჯელოთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის პროფესიული განათლების მნიშვნელობა, არსებული გამოწვევები და კარიერული წინსვლის შესაძლებლობები. მისი თქმით, კარიერული განათლების მიმართულებით პროფესიული განათლების სისტემაში ბევრი სერვისია დანერგილი, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა.
როგორც თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან წიქარიძემ აღნიშნა, ცენტრი ახორციელებს 7 პროგრამას თბილისში და 8 პროგრამას ქუთაისში, შრომის ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინებით შემოდგომაზე კიდევ 5 ახალი პროგრამა ემატება. „თსუ პროფესიული განათლების ცენტრი ზრუნავს ჩვენი სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებაზე. ვიმედოვნებ, ჩვენი ცენტრი მომავალში უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი და მომავალ წელს, უფრო მეტი მასწავლებელი და პროფესიული სტუდენტი შეუერთდება ამ კონფერენციას“,-განაცხადა ლევან წიქარიძემ.
დღევანდელი კონფერენცია ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის, პროფესიული პროგრამების სტუდენტებისთვის, რომ გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები პროფესიული განათლებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ და ვიმსჯელოთ იმ გამოწვევებსა და სიახლეებზე, რომელიც ამ კუთხით არსებობს“, - აღნიშნა თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტმა ნია შაბურიშვილმა.
თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან ხორციელდება. 2019 წლიდან კი პროფესიული პროგრამების ადმინისტრირებას თსუ პროფესიული განათლების ცენტრი უძღვება.
პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნა საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. თსუ პროფესიულ პროგრამებზე საშუალოდ 1 ვაკანტურ ადგილზე 8-10 აპლიკანტი აკეთებს განაცხადს.