3-10-2018
აზერბაიჯანული გამოცემის, «Каспий»-ს მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაცია ეხება ქართული არმიის ფრანგული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით აღჭურვის ფაქტს, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცეს უცხო საფრენი აპარატებისაგან დაიცავს. მასში გადმოცემულია თბილისთან ახლოს, ალექსეევკის აეროდრომზე გამართული ღოონისძიება, რომელიც ქართული ავიაციის დღესასწაულს მიეძღვნა და რომლის დროსაც საფრანგეთისგან შესყიდული სარაკეტო კომპლექსი (Mistral Atlas) იქნა ნაჩვენები.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ რაუფ ტოფიკოღლუს ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქათულენოვან ვერსიას:
„საქართველოში არავის არ შეაქვს ეჭვი იმაში, რომ ამიერიდან ქვეყნის საჰაერო სივრცე უფრო საიმედოდ და ეფექტურად იქნება დაცული. ფრანგული სამხედრო ტექნიკა თავისი მაღალი ხარისხით და სანდოობით მსოფლიოშია ცნობილი. სხვათა შორის, რუსეთის სამხედრო ავიაციის მრავალრიცხოვანი პროვოკაციები, რომლებიც 2000-იანი წლების შუახანებიდან დაიწყო, ყოველდღიურად ქმნიდა დაძაბულ სიტუაციას და რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომით დასრულდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსი მფრინავები შეეცდებიან საქართველოს საჰაერო საზღვარი აღარ დაარღვიონ: ისინი უკვე საქმის კურსში იქნებიან დასავლური იარაღის საბრძოლო შესაძლებლობების თაობაზე. გასაგებია, რომ თბილისს ფრანგული იარაღი კარგი ცხოვრების გამო არ უყიდია. საქართველო იძულებულია მსგავსი ნაბიჯები გადადგას [ჩრდილოელი მეზობლის მოქმედების გამო]. აქედან გამომდინარე, თბილისი ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვის - აბა რა, აგრესორისაგან თავის დაცვა ხომ აუცილებელია! იმ აგრესორისაგან, რომელმაც ქართველებს მიწა-წყლის მნიშვნელოვანი ნაწილი წაგლიჯა. 2008 წლის აგვისტოს ომი და 2014 წლის ყირიმის ანექსია - ეს რეალობაა. რუსეთი ყოველწლიურად ფართომასშტაბიან სამხედრო წრთვნებს ატარებს, სულ უფრო ხშირად იყენებს თავის სამხედრო პოტენციალს და უხეშ ძალას საერთაშორისო ურთიერთობებში... ასეთ პირობებში სხვა რა დარჩენია პატარა საქართველოს?“, - აღნიშნულია სტატიაში.