15-01-2018
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, წულუკიანმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრი დღეს იუსტიციის სახლში აღარ შეუშვა.
როგორც აბაშიშვილმა განმარტა, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გაუგებარია მინისტრის პირადი ანგარიშწორება.
“მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს განცხადება გავაკეთე და ავღნიშნე, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიზანი მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გაძლიერება, საზოგადოების ჩართულობა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იყო.
შესაბამისად 4 თვის განმავლობაში აღნიშნული მიმართულებით იუსტიციის სამინისტროსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ვიმუშავეთ და კონკრეტული შედეგი მივიღეთ. კომისიის თავმჯდომარედ თამარ ლალიაშვილის კანდიდატურა შეირჩა, რომელიც არცერთ სახელმწიფო უწყებას არ წარმოადგენს და მაღალი კვალიფიკაციის იურისტია. ხოლო უსაფრთხოების საკითხების გაძლიერების მიზნით კომისიას ერთი წევრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ხოლო ერთი წევრი ეროვნული უშიშროების საბჭოდან დაემატა. სამწუხაროდ კომისიის გაძლიერებამ და გამჭვირვალების ზრდამ იუსტიციის მინისტრის გაუგებარი გაღიზიანება გამოიწვია.
შესაბამისად სრულიად მოულოდნელად განაწყენებულმა მინისტრმა კომისიის წევრები იუსტიციის სახლიდან გამოასახლა. იმ შენობიდან სადაც ეს კომისია წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა. დღეს კომისიის წევრები მოკლებულები არიან შესაძლებლობას საკუთარი საქმიანობა განახორციელონ. შენობა საიდანაც ქალბატონმა მინისტრმა კომისიის წევრები გამოასახლა სახელმწიფოს ეკუთვნის და არა ერთ კონკრეტულ მინისტრს. ამავდროულად იუსტიციის სამინისტრო განაცხადების მიღებას განაგრძობს რაშიც მოქალაქეები ფულს იხდიან. თუ კომისიას მუშაობის საშუალება არ მიეცემა ეს ადამიანები ამ ფულს დაკარგავენ. ჩვენთვის სრულიად გაუგებარია კომისიის მიმართ ქალბატონი მინისტრის ასეთი პიროვნული ანგარიშწორება. მაგრამ ყველაზე მეტად იმ ადამიანების მდგომარეობა გვაღელვებს, ასეულობით ადამიანის რომელიც მოკლებული არიან შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან, რათა ეს უსამართლობა დროულად აღმოიფხვრას. ამ წუთას ეს კომისია ქუჩაშია.დღეს იუსტიციის მინისტრმა კომისია გამოასახლა და ქუჩაშია, განაცხადა, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.