გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას საკუთარი პატრონების უფრო დიდი შიში აქვს, ვიდრე საკუთარი ამომრჩევლის, 2012 წლამდე ზუსტად ეს იყო ნაცმოძრაობის მმართველობის ყველაზე დიდი ტრაგედია

6-06-2024

„ოჯახური ღირებულებებისა და სრულწლოვანის დაცვის კანონზე მნიშვნელოვანია ოპოზიციის რეაქცია. ვხედავთ ჩვენ, რომ ისინი გაყურსულები არიან და ვერცერთ მხარეს ვერ აფიქსირებენ პოზიციას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, თუკი ოპოზიცია ბოიკოტს გამოუცხადებს ამ კანონს და არ დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, ამომრჩევლისგან მიიღებენ შესაბამის რეაქციას და, თუ პირიქით, მხარს დაუჭერენ, მაშინ მფარველებისგან, ამიტომ არიან ისინი ჩუმად.


„ჰგონიათ, რომ ბოიკოტი შველით, სინამდვილეში, ბოიკოტი არ ნიშნავს, რომ რაღაცაზე გაბრაზებული ვარ და პარლამენტში არ ვივლი. ბოიკოტი ჩვენი პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით ცხადდება კონკრეტული საკითხის მიმართ, პლენარულ სხდომაზე. თუკი ისინი ბოიკოტს გამოუცხადებენ ამ კანონს, ესეც, რა თქმა უნდა, შეფასდება, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ ამ კანონს და მათი ამომრჩეველი გამოუტანს განაჩენს.


მაგრამ, სინამდვილეში, იცით რატომ არიან გაყურსულები? მათ კარგად იციან, რომ თუ იტყვიან, რომ ამ კანონს არ ეთანხმებიან, საკუთარი ამომრჩევლებისგან მიიღებენ შესაბამის რეაქციას. მაგრამ თუ იტყვიან, რომ ამ კანონს მხარს უჭერენ, თვისი პატრონებისგან მიიღებენ რეაქციას.


როგორც ჩანს, მათ საკუთარი მფარველებისა და პატრონების უფრო დიდი შიში აქვთ, ვიდრე საკუთარი ამომრჩევლის. ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია. 2012 წლამდე ზუსტად ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ყველაზე დიდი ტრაგედია, როდესაც ისინი პატრონებზე იყვნენ დამოკიდებულნი და ამიტომაც აკეთებდნენ იმას, რასაც სჩადიოდნენ. ისინი ხალხის მიმართ არ იყვნენ ანგარიშვალდებულები.


ხალხის მიმართ, რომ ჰქონოდათ ანგარიშვალდებულება ციხეებში წამების სისტემას არ შექმნიდნენ და ვერც ტელევიზიებს დახურავდნენ, ვერც ადამიანებს აწამებდნენ და ვერც ქონებას ჩამოართმევდნენ. მათ არ ჰქონდათ ხალხის შიში და რიდი. მათ სხვისი შიში ჰქონდათ და სხვა პატრონებისკენ იყურებოდნენ.


იმ პატრონებს აწყობდათ ზუსტად, რომ ჰქონოდათ აქ მორჩილი სახელმწიფო, რომელიც შემდეგ შესაბამისს დავალებებს უსიტყვოდ შეუსრულებდა“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა „თავისუფალი სივრცეში“ სტუმრობისას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930