7-06-2024
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ს მიერ ქართველებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას ეხმიანება და იმ შესაძლო შედეგებს განიხილავს, რაც ასეთ არამეგობრულ ნაბიჯებს შეიძლება მოჰყვეს.
ექსპერტის შეფასებით, არც მუქარის, არც შანტაჟის და არ კარნახის პოლიტიკით საქართველოსთან საუბარი არ ამართლებს, მით უმეტეს, რომ თავად ამერიკელები უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დგანან, როგორიცაა რუსეთ-უკრაინის ომი, ისრაელ-პალესტინა-ღაზას საკითხი და ბოლოს კარს მომდგარი საპრეზიდენტო არჩევნები.
„ამერიკელების მიერ გამოცხადებულმა სანქციებმა, თვითონ როგორც განაცხადეს სავიზო შეზღუდვებმა, რამდენიმე საკითხზე კიდევ ერთხელ დაფიქრების საშუალება მოგვცა, კერძოდ კი რეალურად რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ასეთ არა მეგობრულ ნაბიჯს ან ნაბიჯებს:
1. ძალიან გაახარეს ოპოზიცია, არასამთავრობოთა ნაწილი და ე.წ. კრიტიკული ტელევიზიები - მათ მიეცათ სალაპარაკო თემები, შესაბამისად უფრო მეტ იბაქიბუქებენ, თუმცა მათ რეიტინგზე და მოსახლეობის მიერ მათზე შექმნილ აზრზე, ეს ყოველივე უფრო უარყოფითად იმოქმედებს ვიდრე დადებითად.
2. დღეს ყველამ აქაც და იქაც, იცის, რომ ოქტომბრის არჩევნები, გადამწყვეტი მნიშვნელობისა, როგორ ფიქრობთ ამერიკელების ამ გაუაზრებელმა ნაბიჯმა, ქართველ ამომრჩეველი უფრო მეტად ხელისუფლების მხარეს გადაქაჩა თუ ოპოზიციის?! მარტივი საკითხია, ამ ქვეყანაში კატეგორიულად ვერ იტანენ უცხოს თავის საქმეში ჩარევას, არც უცხოელებთან დასმენა ითვლება ღირსეულ ნაბიჯად.
3. იციან მშვენივრად უცხოელმა, რომ არჩევნებში მოსაგებად კი არა მინიმალური წარმატების მისაღწევად ოპოზიციას, თავისი ძალები არ ყოფნის, ამიტომ არც თუ ისე მცირე ფინანსური დახმარება ესაჭიროება, ეს ხელისუფლებამაც იცის, დაახლოებით წარმომიდგენია რა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება დამფინანსებელიც და დასაფინანსებელიც თუ შესაბამისმა სტრუქტურებმა შავი ფულის არხები გადაკეტა.
4. არჩევნების შემდეგ „ოპერაცია გაყალბდა“ უკვე ისე ვერ იმუშავებს, როგორც წარმოუდგენიათ, არც უკრაინული მაიდანის ქართული ანალოგის გაკეთების საშუალებას მისცემს ხელისუფლება, ასე რომ აქაც ფიასკო ელოდებათ.
5. ერთ-ერთი დიდი შეცდომა, რაც ამერიკელებმა ჩვენთან ურთიერთობაში დაუშვეს და უშვებენ გახლავთ ის, რომ ნებსით თუ უნებლიედ საზოგადოებას უბიძგებენ შემდეგისკენ, თუ ესაა დასავლური ღირებულება, სწორედ ასეთ ღირებულების გადახედვისკენ, ეს რა თქმა უნდა შეიძლება პირდაპირ არ ნიშნავდეს რუსეთისკენ მიტრიალებას, თუმცა თავად რუსეთი რომ შეეცდება ამ სიტუაციიდან ხელის მოთბობას ფაქტია.
6. სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციას თუ გადავხედავთ, ვის ვის და სწორედ არც ამერიკელებს და არც ევროპელებს არ უნდა აწყობდეს, საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება, თუმც როგორც ჩანს იმდენად ძლიერი აღმოჩნდა ადგილობრივ ხელისუფლებაზე კონტროლის დამყარების სურვილი, რომ კავკასიაში თავის გავლენის შემცირებაზეც თანახმა არიან, რაც მე პირადად კატასტროფულ შეცდომად მიმაჩნია.
7. რაც შეეხება იმ დახმარებას რის შეწყვეტითაც გვემუქრებიან, აქედან ნახევარი არასამთავრობო სექტორზე მიდიოდა, მეორე ნახევრიდან კიდევ ნახევარი თავდაცვის სფეროზე, რომელსაც ჩვენი ერაყში თუ ავღანეთში ყოფნის ვალდებულება მოსდევდა, კიდევ მცირე რაოდენობა გარკვეული პროგრამების განხორციელებას.
8. რომ შევაჯამოთ საქართველო ამერიკელებისგან არ იღებდა იმ სახის დახმარებას, რასაც ჩვენთვის ეკონომიკურ სფეროში სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონოდა.
9. არც მუქარის, არც შანტაჟის და არ კარნახის პოლიტიკით საქართველოსთან საუბარი არ ამართლებს, მით უმეტეს, რომ თავად ამერიკელები უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დგანან, როგორიცაა რუსეთ-უკრაინის ომი, ისრაელ-პალესტინა-ღაზას საკითხი და ბოლოს კარს მომდგარი საპრეზიდენტო არჩევნები.
10. აშშ-ს ერთ-ერთი ნაკლი რაც საგარეო პოლიტიკური მიმართულებით გააჩნია გახლავთ ის, რომ არც თუ იშვიათად ფსონს ავანტიურისტებზე ან ხელმოცარულ, მაგრამ მათთვის ერთგულ ვიგინდარებზე დებენ, ცხადია ისინი როგორც წესი ან ვერ ამართლებენ, ან იქით უქმნიან პრობლემებს თავად ამერიკელებს, ასე გამოსდით საქართველოსთან მიმართებაშიც.
არა უშავს, ჩვენ ჩვენს არჩევნებს უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ, სადაც საბოლოოდ მოხდება რადიკალების განადგურება, მერე ამერიკულ არჩევნებს დაველოდებით, რომელსაც თავად ამერიკელი ამომრჩეველიც სულმოუთქმელად ელოდება. დამერწმუნეთ აქაც და იქაც აუცილებლად საღი აზრი და ჯანსაღი ძალები გაიმარჯვებს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.