9-06-2024
პროექტის „ქიმიური უსაფრთხოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში შექმნილი სამთავრობოთაშორისი ჯგუფის შეხვედრაზე მონაწილეებმა ქიმიური იარაღის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის მოთხოვნის სრულფასოვანი შესრულებისთვის ეროვნულ დონეზე საკანონმდებლო ბაზის შემუშავებისა და მისი აღსრულების საკითხები განიხილეს.
შეხვედრაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა მიიღო, რომელმაც აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ეს პროექტი ქვეყნისთვის უდიდეს მნიშვნელობას ატარებს, ვინაიდან მისი მიზანი ქიმიური უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ბაზისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაა, რაც საქართველოს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის პრიორიტეტული ნაწილია“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
პროექტს „ქიმიური უსაფრთხოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მასობრივი განადგურების იარაღის ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს (WMDT) მხარდაჭერით, კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან ერთად (REC Caucasus), 2022 წლიდან ახორციელებს. 3 წლიანი პროექტის მიზანი, რომლის ბიუჯეტიც 1 500 000 აშშ დოლარია, ქიმიური უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ბაზისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა, ქიმიური ნივთიერებების მართვის სისტემების გაუმჯობესება და გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების განხორციელებაა.