გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები დედაქალაქი
რატომ გადაატანინეს ერთადერთი საპნის ქარხანა თავად ამატუნსა და გეო ლორის- მელიქოვს ჩუღურეთიდან ნავთლუღში

15-01-2018

მე-18 საუკუნის დასასრულსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში დედაქალაქის ბაზარზე ჩუღურეთის ქურებში გამომწვარი აგურის, კრამიტისა და თიხის ჭურჭლის გარდა გადიოდა საპონი, რომელიც ჩუღურეთის საპნის სახარშში მზადდებოდა. ჩუღურეთის საპნის სახარში XIX საუკუნის 30-იანი წლების ჩათვლით ერთადერთი იყო იმდროინდელ თბილისში. საპნის სახარში თავად ამატუნის კუთვნილება იყო და იჯარით ჰქონდა გაცემული თბილისელ აზნაურ გეო ლორის- მელიქოვზე და მოქალაქე დავით ტატოევზე.

საპონი ჩუღურეთის ქუჩებში გამომწვარ ას ცალ თიხის ქოთანში იხარშებოდა. ეს სახარში მდებარეობდა მტკვრის პირას, დიდხევის ახლოს, აქედან საპნის ნახარში მტკვარში იღვრებოდა და მდინარეს აბინძურებდა. ჩუღურეთი, თბილისის ჩრდილოეთით მდებარეობდა და საპნის სახარშიდან გამოტანილი მთელი უსუფთაობა და ნაგავი მდინარეს ქვევით, ქალაქის ცენტრში ჩაჰქონდა.

ქალაქის მომწყობმა კომისიამ ამატუნს მტკვრის პირას საპნის ხარშვა აუკრძალა და პატრონს წინადადება მისცა, საქმიანობა გადაეტანა ქალაქის სხვა, მოშორებულ ადგილას, კერძოდ, თბილისის მოქალაქის მიხეილ სარაჯიშვილის მიერ ქალაქგარეთ, ნავთლუღში მოწყობილ ქარხანაში. აღსანიშნავია, რომ სარაჯიშვილისავე ქარხანაში ქალაქის ცენტრიდან უნდა გადაეტანათ ტყავის გამოსაყვანი სახელოსნოები - სადაბაღოები.

საპნის სახარშის ნავთლუღში გადატანას წინ აღუდგნენ ამატუნი და მისი კომპანიონები- გეო ლორის-მელიქოვი და დავით ტატოევი, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავისი გაიტანა და ამატუნი იძულებული შეიქმნა, დამორჩილებოდა ოღონდ სახარში სად გადაიტანა, ჩვენთვის ცნობილი არ არის. შესაძლოა, იგი ისევ თავის კუთვნილ მამულში, სურბ-კარაპეტას ხევში მოაწყო. ასეთი ვარაუდის გამოთქმის უფლებას იძლევა აღნიშნულ ხევთან დღესაც არსებული ქუჩა, რომელსაც საპნის ქუჩა ჰქვია. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია- შეიძლება აქ უფრო გვიან მოეწყო საპნის სახარში.



თ.ბერიძის ნაშრომის მიხედვით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930