გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - რა არის ლარის კურსში უკვე ასახული?

10-06-2024

აპრილის მაღალი ეკონომიკური ზრდა დიდწილად ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო. ოპერატიული ინფორმაცია, საკუთრივ, თიბისის არხებით დანახარჯები, გასულ წელთან შედარებით ასევე მაღალ აქტივობაზე მიუთითებს. მაგალითად, მაისში მიგრაციის ეფექტის გარეშე, ტრადიციული ტურიზმის შემოსავლების ზრდა აშშ დოლარში დაახლოებით 47%-საც კი შეადგენს. ასევე ზრდაა აპრილთან შედარებითაც, თუმცა თუ სეზონურ ფაქტორებს გამოვრიცხავთ, უფრო კლება ფიქსირდება. ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობით კი, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში, ისევ და ისევ, სეზონური ფაქტორების, ანუ იმის გამორიცხვით, რომ ზაფხული აქტიური სეზონია, ტურისტული შემოდინებები დაახლოებით ერთსა და იმავე დონეზეა, თუმცა, გასულ თვეებში ზრდის გამო, მაღალი ბაზის გათვალისწინებით.

 

მთლიანობაში, ჩვენი შეფასებით, სავალუტო შემოდინებები ლარის კურსისათვის უფრო ნეიტრალური ან პოზიტიურიც კი არის, თუმცა პოზიტიური თუ ე.წ. კონვერტაციებს ცალკე გამოვყოფთ. კერძოდ, სებ-ს მიერ გამოქვეყნებული მონეტარული აგრეგატების ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, მაისში, როგორც ჩანს, დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი დეპოზიტი ლარიდან ვალუტაში გადახურდავდა, რის გამოც უცხოური ვალუტის დეპოზიტების მატება ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, ლარის დეპოზიტების ზრდა შემცირდა, ხოლო ჯამურად დინამიკა გასული თვეების მსგავსია. მაშინ, როდესაც სავალუტო კომპოზიციის ჭრილში მაისის საკრედიტო აქტივობის დინამიკა ჯერჯერობით არაა ხელმისაწვდომი, მსგავს პერიოდებს ლარის სესხების შედარებით მეტი მატება ახასიათებს. ამდენად, უკვე აღნიშნული, საქართველოს ეკონომიკისა და სავალუტო ბაზრის ზომის გათვალისწინებით, საკმაოდ დიდი ზეწოლაა. ამასთან, ჩვენი შეფასებით, ამავე პერიოდში სებ-ის ინტერვენციებმა დაახლოებით 130 მილიონი აშშ დოლარი ან მცირედით მეტი შეადგინა. შესაბამისად, ლარის გაუფასურების გათვალისწინებითაც, კონვერტაციების მნიშვნელოვანი ნაწილი სავალუტო შემოდინებებით კომპენსირდება. ამ მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ სენტიმენტებით გამოწვეული გაუფასურების ზეწოლა, ისტორიულად, ხშირად იცვლება და უკვე შემდგომ გამყარების მიმართულებით მოქმედებს. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ ვალუტის დეპოზიტების მიმართულებით კონვერტაციები დამატებით არ გაგრძელდება, თუმცა მაინც პროგნოზების კუთხით, აღნიშნული მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ფაქტორია.

 

ამ ფონზე, რა შეიძლება ითქვას ლარის სეზონურობის კუთხით და რატომ არის ეს ფაქტორი მნიშვნელოვანი? საქართველოში წმინდა სავალუტო შემოდინებები მართლაც სეზონურია, რაც ბოლო წლებში ლარის სეზონურობაშიც გამოიხატა. თუმცა, მას შემდეგ რაც სეზონურობა ბაზრის მონაწილეების მოლოდინებშიც აისახა, მიუხედავად იმისა რომ წმინდა სავალუტო შემოდინებები კვლავ სეზონური დარჩა, თავად ლარის სეზონურობამ მნიშვნელოვნად იკლო. ანუ, დაახლოებით ზაფხულის მოახლოებამდე, ადგილი ჰქონდა დეპოზიტების მეტ ლარიზაციას და დაახლოებით ზამთრის მოახლოებამდე, უკვე პირიქით. ამ კუთხით, ცალსახაა, რომ ვალუტის მიმართულებით გადახურდავებები ბევრად უფრო ადრე მოხდა, რაც ასევე ლარის სამომავლო გაუფასურების წინააღმდეგ ერთგვარ ბუფერად შეიძლება ჩაითვალოს. და რა შეიძლება ითქვას არჩევნების კუთხით? ლოგიკა დიდწილად იგივეა. კერძოდ, თუ მოლოდინებია, რომ ლარი არჩევნების შემდგომ მნიშვნელოვნად გაუფასურდება, მაშინ ეს ლარის ფასში უკვე არჩევნებამდე იქნება ასახული, რაც სეზონურობის მსგავსად, ბოლო საარჩევნო ციკლის დამახასიათებელი ტენდენცია იყო.

 

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ თიბისი კაპიტალის ლარის კურსის პროგნოზირების ჩარჩოს მიხედვით, წმინდა სავალუტო შემოდინებები, ლარისათვის პოზიტიურია, თუმცა სენტიმენტები კურსის მნიშვნელოვან მერყეობას იწვევს. საქართველოს ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსის კუთხით შეფასება დიდწილად ნეიტრალურია, ხოლო ინფლაციის მხრივ, შეფასება ნეიტრალური ან პოზიტიურია. რას გულისხმობს ამ შემთხვევაში პოზიტიური? მართალია წლიური ინფლაცია ჯერ კიდევ სამიზნეზე დაბლაა, თუმცა გაწლიურებული ყოველთვიური მაჩვენებლები უკვე 3%-ზე მაღალია და ლარის გაუფასურების შემთხვევაში, თავისთავად, ინფლაცია კიდევ მოიმატებს. ამდენად, მოცემული ჩარჩოს 3 ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენი შეფასება დიდწილად ნეიტრალურია, განსხვავებით ადრინდელი საბაზო სცენარისა, სადაც ლარის მცირედით, მაგრამ სწორედ გაუფასურება მოიაზრებოდა.

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:

https://www.tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30006342-weekly-update-from-the-chief-economist

  
 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930