გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ივნისი იყო, არის და იქნება ორ ძირითად მსოფლიო ბლოკს შორის მნიშვნელოვანი პაექრობის თვე

11-06-2024

„პოლიტიკური ივნისი გამოდგა საკმაოდ კონცენტრირებული არა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩატარდა ევროარჩევნები, ხოლო 27 ივნისს გველოდება ძალზე საინტერესო დებატები ბაიდენსა და ტრამპს შორის, არამედ, ივნისი იყო, არის და იქნება ორ ძირითად მსოფლიო ბლოკს შორის მნიშვნელოვანი პაექრობის თვე“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.


დავით ქართველიშვილი საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს მიმოიხილავს.


„თუ დასავლეთმა 6 ივნისს უკვე ჩაატარა „ნორმანდიული“ ღონისძიებები, რუსეთმა ამას დაუპირისპირა 5-8 ივნისის პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი. თუ რუსეთი 10-11 ივნისს გამართავს BRICS-ის საგარეო საქმეთა მინისტერიალს, დასავლეთი 13-14 ივნისს იტალიაში გამართავს G7-ის სამიტს. გარდა ამისა, წინ გვაქვს 15-16 ივნისს შვეიცარიაში გასამართი „უკრაინის სამშვიდობო სამიტი“. რა არის ამ ყველაფერში საინტერესო ჩვენთვის - პირველ რიგში, ჩვენი მეზობლისა და პარტნიორის, თურქეთის განაცხადი, რომელიც გააჟღერა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაკან ფიდანმა: „თურქეთს სურს BRICS-ში გაერთიანება, რომელშიც ევროკავშირის კარგ ალტერნატივას ხედავს“ (ხაკან ფიდანი ესწრება წლევანდელ ნიჟნი ნოვგოროდის სამიტს).

პეკინში თავისი ვიზიტის დროს, ფიდანმა განაცხადა, რომ 25 წლის განმავლობაში ევროკავშირი ბლოკავს თურქეთის გაწევრიანობას EU-ში მისი „იდენტობის პოლიტიკის“ გამო, ამიტომ ქვეყანა „იძულებულია ეძებოს სხვა ალტერნატივები“. ფიდანმა ხაზი გაუსვა, რომ ევრობიუროკრატები ცდილობენ თურქეთის „სუვერენული იდენტობა“ ჩაანაცვლონ ევროკავშირის „საერთო ფასეულობებით“, რაც სწორედ რომ ეწინააღმდეგება როგორც თურქეთის იდენტობას, ასევე - მის სუვერენიტეტს. თურქმა დიპლომატმა BRICS-სა და EU-ს შორის მთავარ განსხვავებას გაუსვა ხაზი: თუ ეს უკანასკნელი მთავარ აქცენტს აკეთებს „ევროკავშირის საერთო ღირებულებების“ მიმართ ერთგულებაზე, BRICS-ის მთავარი არსი ეკონომიკური სარგებლის მოპოვებაა. ევროკავშირის მიერ დეკლარირებულ მოთხოვნებს მკაცრად აკონტროლებს „მსაჯულთა სისტემა“, რომლებიც ურჩ ქვეყნებსა თუ მათ ლიდერებს სჯიან სანქციებით, სადაც დომინირებს ვაშინგტონის მთავარი დამსჯელი ინსტრუმენტი - დოლარი.


რაც შეეხება BRICS-ს, აქ დომინანტად გამოდის მისი წევრი ქვეყნების „ეროვნული ეგოიზმის რეალიზაცია, პირველ რიგში - ეკონომიკურ სფეროში“. თითოეული წევრი თავად განსაზღვრავს, „ეროვნული ეგოიზმის“ რა ნაწილის დათმობაზეა მზად ამა თუ იმ ეკონომიკური პრეფერენციის მიღების მიზნით. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს გარდაუვალ დისტანცირებას ისეთი სისტემისაგან, რომელიც ურჩი ქვეყნების მიმართ მუდმივ უსამართლობასა და დასჯაზე არის დაფუძნებული. რაც შეეხება „დოლარით დასჯას“ - ჩინეთსა და გაერთიანებულ არაბულ ემირატებს შორის უკვე განხორციელდა პირველი წარმატებული ტრანსნაციონალური ფულადი ტრანზაქცია (50 მილიონი დირქამი) ახალი პლატფორმა-mBridge-ის გამოყენებით. სწორედ ამ ახალი პლატფორმის დანერგვას გეგმავენ BRICS-ში, როგორც მრავალმხრივ, ციფრულ ანგარიშსწორებისა და გადახდის სისტემას, რომელმაც აშშ-ის ფინანსური სანქციების სრულ ნიველირებას უნდა შეუწყოს ხელი...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930