17-06-2024
„ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ახალგაზრდებს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში. დარწმუნებული ვარ, ეს არის ძალიან კარგი თავგადასავლის დასაწყისი, რომ თითოეული თქვენგანი „ჯარის ბანაკიდან“ წავა ძალიან დიდი ემოციებითა და ცოდნით, რომელიც მომავალში გამოგადგებათ“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა კოჯორში, „ჯარის ბანაკის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბანაკის მასშტაბები ყოველწლიურად ფართოვდება და მონაწილეობის მსურველთა რიცხვიც მზარდია.
„ჩვენ უკვე 2300-ზე მეტ ბავშვს ვუმასპინძლებთ წელს, რაც ორჯერ აღემატება შარშანდელ მონაცემს. წელს ბანაკის დისლოკაციის ადგილები საქართველოს მასშტაბით სამ ადგილას გვაქვს და მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტისადმი ახალგაზრდებში ასეთი გამოხმაურება და დაინტერესებაა“, - განაცხადა მინისტრმა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს როგორც თავდაცვის ძალების, ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მხარდაჭერისთვის, რამაც საზაფხულო ბანაკების მასშტაბების გაზრდის შესაძლებლობა შექმნა. მინისტრმა აღნიშნა პროექტის მხარდამჭერების - საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების როლი და მათი ჩართულობის მნიშვნელობა.
ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, რომ თავდაცვის უწყებისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაცია და თავდაცვის ძალების უკეთ გაცნობა, რის საშუალებასაც იძლევა „ჯარის ბანაკი“.
„დარწმუნებულები ვართ, რომ როდესაც დაბრუნდებით სახლებში, გაუზიარებთ გამოცდილებას თანატოლებს, დაფიქრდებით იმაზე, რომ ხვალ და ზეგ შეიძლება თქვენი ცხოვრება დაუკავშიროთ თავდაცვის ძალებს, იმიტომ, რომ განვითარების გზაზე მდგომ თავდაცვის ძალებს სჭირდება მჭიდრო კონტაქტი ახალგაზრდებთან. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს შორის არიან ადამიანები, რომლებიც მომავალში იქნებიან ღირსეული ოფიცრები, ღირსეული ჯარისკაცები და, რა თქმა უნდა, ემსახურებიან ყველაზე მნიშვნელოვანს, რასაც შეიძლება ადამიანი ემსახუროს - სამშობლოს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.