18-06-2024
საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, 2024 წლის 17 ივნისს ხელი მოეწერა ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მეოთხე დამატებით ოქმს და კიბერდანაშაულის შესახებ 2001 წლის კონვენციის მეორე დამატებით ოქმს გაძლიერებული თანამშრომლობისა და ელექტრონული მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს, –აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მეოთხე დამატებითი ოქმი ითვალისწინებს კონვენციისა და მისი სამი დამატებითი ოქმის დებულებების შევსებასა და მოდერნიზაციას, რათა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების კვალდაკვალ მოხდეს მათი ადაპტაცია თანამედროვე გამოწვევებთან და საჭიროებებთან. ცვლილებები ძირითადად ეხება ექსტრადიციის ფარგლებში ხანდაზმულობის ვადებს, სახელმწიფოთა შორის კომუნიკაციის თანამედროვე არხების და საშუალებების გამოყენებას, წარსადგენ დოკუმენტაციას, სპეციალობის წესს და ტრანზიტის საკითხებს.
კიბერდანაშაულის შესახებ კონვენციის მეორე დამატებითი ოქმი გაძლიერებული თანამშრომლობისა და ელექტრონული მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე ამარტივებს და აჩქარებს საზღვრებს მიღმა არსებული ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების პროცესს. კიბერდანაშაულის მზარდი მაჩვენებლებისა და საერთაშორისო ელემენტების მატების ფონზე, იგი მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობებს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ახალი რეგულაციების თანახმად, ფართოვდება სამართალდამცავ ორგანოებსა და უცხოურ ინტერნეტ მომსახურებების მიმწოდებელ კომპანიებს შორის თანამშრომლობის, გადაუდებელ შემთხვევებში ქვეყნებს შორის ელექტრონული მტკიცებულებების სასწრაფო გაცვლისა და კომპლექსური კიბერდანაშაულის საქმეებზე მულტიეროვნული საგამოძიებო ჯგუფების შექმნის შესაძლებლობები. გაუმჯობესებული სამართალდაცვითი მექანიზმების პარალელურად, დოკუმენტი ადამიანის უფლებებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მყარ სამართლებრივ ჩარჩოს აწესებს ოქმით გათვალისწინებული სამართალდაცვითი ფუნქციების აღსრულებისას.
საქართველოს პროკურატურა ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მეოთხე დამატებითი ოქმის და კიბერდანაშაულის შესახებ კონვენციის მეორე დამატებით ოქმის ხელმოსაწერად მზადების პროცესში წარმმართველი უწყება იყო.
საქართველოს სახელით აღნიშნულ დამატებით ოქმებს ხელი მოაწერა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა - თამარ ტალიაშვილმა, ხოლო ევროპის საბჭოს სახელით დოკუმენტს ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ - ბიორნ ბერგემ. ხელმოწერის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები.