20-06-2024
ლიბერთის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ათასწლეულის გამოწვევის 2023 წლის კონკურსის მესამე ადგილის მფლობელი გუნდის წევრები, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრიდან (CERN) დაბრუნდნენ. შვეიცარიაში თბილისისა და ბათუმის სკოლების მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებული გუნდის ,,Optical Visionaries" წევრები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.მათ მიერ შეიქმნა რობოტი ოფთალმოლოგი, რომელიც მოიცავს მინი სადიაგნოსტიკო მობილურ სისტემას და უზრუნველყოფს როგორც პერიმეტრის, ასევე მხედველობის სიმახვილის დადგენას.
"ლიბერთი ტრადიციულად ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია. მოხარულები ვართ, რომ მესამე ადგილზე გასული გუნდის წევრები შვეიცარიაში ლიბერთის დაფინანსებით გაემგზავრნენ. ვიმედოვნებთ, აღნიშნული მხარდაჭერით ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებში STEM მიმართულების დარგების განვითარებას. ინოვაციური პროექტებით, ახალგაზრდა თაობა აქტიურად ზრუნავს გარემოს დაცვაზე, შრომის უსაფრთხოებაზე და შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, რაც უდაოდ დასაფასებელია და კერძო სექტორისგან განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმსახურებს"– თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას და დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსი ყოველ წელს ტარდება და მასში 13-18 წლის ასაკის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ.