20-06-2024
ამერიკის შეერთებული შტატების მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ადამიანები, რომელთაც სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ჩარევა გაიკეთეს, თვითმკვლელობის უფრო მაღალი რისკით გამოირჩევიან. სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს University of Texas Medical Branch-ის ტრანსლაციურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მხარდაჭერით. მათ ნაწილობრივი მხარდაჭერა გაუწიეს ტრანსლაციური მეცნიერებების განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა.
სპეციალისტების განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით, რიგ სახელმწიფოებში, ამ სახის ქირურგიული ჩარევის პოპულარიზაციის ფონზე, ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანები აწყდებიან უფრო მეტ დეპრესიასა და თანმდევ თვითმკვლელობას.
ჩატარებული კვლევის თანახმად, სქესის შეცვლის მიზნით, ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ადამიანები თვითმკვლელობის 12 - ჯერ უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. 2021 წლის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში თვითმკვლელობით 48 ათას ადამიანზე მეტი დაიღუპა.
კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი 56 სამედიცინო დაწესებულებისა და 90 მილიონი პაციენტის სამედიცინო ისტორიაზე დაყრდნობით ჩატარდა.
ადამიანები სამ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი. პირველი ჯგუფი შედგებოდა 18-იდან 60-წლამდე ასაკის პირებისგან, რომელთაც სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ჩარევა ჰქონდათ გაკეთებული. მეორე ჯგუფი კი ადამიანებისგან, რომელთაც სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ჩარევა არ ჰქონდათ გაკეთებული, ხოლო მესამე ჯგუფი შედგებოდა ადამიანებისგან, რომელთაც სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ჩარევა არ ჰქონდათ გაკეთებული, მაგრამ ჰქონდათ მაგალითად ვაზექტომია ჩატარებული.
კვლევის მიხედვით, სქესის შეცვლის მიზნით, ქირურგიული ჩარევის შემდეგ ადამიანები რამდენიმე ასაკობირივი ჯგუფის ფარგლებში, თვითმკვლელობის შედარებით მაღალი ალბათობით გამოირჩევიან, ასევე, ეს ადამიანები სხვა სოციალურ ჯგუფებთან შედარებით უფრო ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი.
„ნათელია, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ სამწუხარო შედეგების თავიდან ასაცილებლად. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ყოვლისმომცველი ფსიქიატრიული დახმარების საჭიროებას სქესის დადასტურების ოპერაციის შემდგომ წლებში“, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
დოკუმენტის თანახმად, კვლევის შინაარსი მხოლოდ ავტორების პასუხისმგებლობაა და არ წარმოადგენს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ოფიციალურ შეხედულებებს.